დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციას გამოეხმაურა და დასავლეთს მოუწოდა, უკრაინელ მებრძოლებს უფლება მისცეს, შეზღუდვების გარეშე გამოიყენონ შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება.
მან ამის შესახებ Daily Mail-ში სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „ერთკვირიანი ტაქტიკური ბრწყინვალების შემდეგ, უკრაინას შეუძლია საბოლოოდ დაასრულოს ეს ომი“.
როგორც ჯონსონი სტატიაში აღნიშნავს, რუსეთის მმართველი ვლადიმირ პუტინი აშკარად გაღიზიანებული იყო, როდესაც კურსკის ოლქის გუბერნატორის მოხსენებას ისმენდა უკრაინის ჯარების რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევის შესახებ.
„პუტინს ვერ წარმოედგინა, რომ უკრაინული ტანკები რუსეთის ტერიტორიაზე შევიდოდნენ და ერთ კვირაში იმაზე მეტ ტერიტორიას დაიკავებდნენ, ვიდრე რუსები ერთი წლის განმავლობაში“, – წერს ჯონსონი.
მისივე თქმით, უკრაინის შეტევა არის დემონსტრაცია, რომ დასავლეთმა სათანადოდ არ შეაფასა მათი გამბედაობა და მონდომება. ჯონსონი დარწმუნებულია, რომ მოკავშირეები უნდა გააქტიურდნენ და უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი დასავლური იარაღის გამოყენების უფლება მისცენ, როგორებიცაა: ATACMS-ის ამერიკული რაკეტები და ბრიტანული Storm Shadow-ები.
„ჩვენ არ ვაფასებდით მათ გამბედაობას – მათ მზადყოფნას გააკეთონ ის, რაც ადამიანებს შეუძლებლად მიაჩნდათ. ჩვენ ასევე, ქრონიკულად არ ვაფასებდით მათ გაბრაზებას, რუსი დამპყრობლის მიმართ – მათ შიმშილს, რომ პუტინის ჯარები უკრაინის მიწის ყოველი ნაწილიდან განდევნონ.
ასე რომ, ღვთის გულისთვის, შეგვიძლია საბოლოოდ შევწყვიტოთ ენის ტრიალი, გვერდზე გადავდოთ უაზრო პუტინოფობია და უკრაინელებს ის ინსტრუმენტები მივცეთ, რომლებიც მათ ნამდვილად სჭირდებათ ამის გასაკეთებლად?“, – ინტერესდება ჯონსონი.
ის ასევე მიმართავს ბრიტანეთის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს და მოუწოდებს, უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას და ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებაში.