NBC News: უკრაინის შეტევა კურსკის ოლქზე ერთ წელზე მეტხანს მზადდებოდა

უკრაინელების შეტევა რუსეთის კურსკის ოლქზე ერთ წელზე მეტხანს მზადდებოდა. სტატიას ამ შინაარსით NBC News-ი უკრაინის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის მტკიცებით, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კურსკის ოლქზე მოულოდნელი შეტევის გეგმა ერთ წელზე მეტხანს მაგიდაზე ედო და ოპერაციის დეტალებს განიხილავდა.

კურსკზე შეტევის ერთ-ერთ მიზანს რუსული ჯარისთვის ისეთი პირობების შექმნა იყო, რომელიც მას აღმოსავლეთ ფრონტიდან ყურადღების გადატანას აიძულებდა.

NBC News აღნიშნავს, რომ უკრაინის აღმოსავლეთით რუსული ჯარი ნელ-ნელა უკრაინულ თავდაცვით ზღუდეებს ლახავს და წინ მიიწევს.

ამავე სტატიაში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ კიევის მიზანს კურსკის ოლქის ოკუპაცია არ წარმოადგენს. „უკრაინას სულ სხვა მიზნები ამოძრავებს“, – ციტირებს ტელეარხი პოდოლიაკს.