რუსეთში ღრმა დარტყმებისთვის დასავლური იარაღის გამოყენების თაობაზე აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა – პენტაგონის სპიკერი

შეერთებულმა შტატებმა არ შეცვალა თავისი პოზიცია რუსეთის შიგნით ღრმა დარტყმებისთვის დასავლური იარაღის გამოყენების თაობაზე. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა უკრაინელებს მისცა შესაძლებლობები და მათთან ერთად იმუშავა „ამ პარამეტრების დადგენაზე და ისინი არ შეცვლილა“. ამასთან, როგორც პენტაგონის სპიკერმა აღნიშნა, უკრაინელი სამხედროებისთვის ბრძოლის ველზე ეფექტური მოქმედების საუკეთესო საშუალება სხვადასხვა პარტნიორის მიერ მიწოდებული შესაძლებლობების გაერთიანებაა.

„უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ შეერთებული შტატები, ეს არის ქვეყნების კოალიცია, რომლებიც ერთიანდებიან უკრაინისთვის იარაღის, საშუალებებისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. გვჯერა, რომ ბრძოლის ველზე მათი ეფექტურობის საუკეთესო საშუალებაა ამ შესაძლებლობების გაერთიანება და რუსული ძალების უკან დახევის გაგრძელებაა, რათა დაიბრუნონ თავიანთი სუვერენული ტერიტორია. აუცილებელი არაა, რომ ეს რუსეთის შიგნით შორეული, ღრმა დარტყმებით მოხდეს“, – აღნიშნა სინგმა. 

პენტაგონის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს რუსების მხრიდან ესკალაციის შესაძლებლობის გათვალისწინებას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეჭრას კრემლის მხრიდან სერიოზული პასუხი არ მოჰყოლია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ ესკალაციით. მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს რაიმეზე არ უპასუხა, არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია, ან არ უპასუხებს მომავალში. ეს არის ის, რასაც ადმინისტრაცია ყოველთვის ითვალისწინებს“, – დასძინა სინგმა.