ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანიმ განაცხადა, რომ კონსულტაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტას ღაზას სექტორში, არ აუქმებს ირანის უფლებას, უპასუხოს თეირანში „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიეს მკვლელობას.
„ეს საკითხი არაფერ შუაშია ირანის კანონიერ უფლებასთან, უპასუხოს აგრესორს“, – განაცხადა მან ირანულ სააგენტო Fars-თან საუბრისას.
ქანაანის თქმით, ირანის ხელისუფლებამ დაარწმუნა მოკავშირეები, რომ თეირანი არ ცდილობს დაძაბულობის ესკალაციას რეგიონში და მხარს უჭერს ერთობლივ კეთილსინდისიერ ძალისხმევას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასამყარებლად.
„ამავე დროს, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ირანის უფლებას, დაიცვას თავისი უფლებები და დასაჯოს აგრესორი“, – განაცხადა ქანაანიმ.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, „არავის ეპარება ეჭვი ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობაში“.
„ბოლო თვეების განმავლობაში ირანი იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პატიოსნად გამოიყენა ყველა თავისი შესაძლებლობა ამ სასტიკი ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად“, – განაცხადა ქანაანიმ.
თეირანში ამბობენ, რომ რომ ამჟამად „ბურთი აშშ-ის და ისრაელის მოედანზეა.
ცნობისთვის, 15 აგვისტოს დოჰაში დაიწყო კონსულტაციების ახალი რაუნდი, რომელიც მიზნად ისახავს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიღწევას და „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებას.