“რუსეთთან დიალოგის პრობლემა ქართულ მხარეს აქვს, მას არ აქვს საამისო მზაობა” – გულბაათ რცხილაძის კომენტარი ვალენტინა მატვიენკოს განცხადებაზე

„ჯერ-ჯერობით, კავშირი არ არის და ეს ჩვენი ბრალი არ არის. საქართველოში არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, არამედ ბევრი რამის გადააზრება. ოქტომბერში საქართველოში არჩევნები იქნება და ეს არჩევნები ქვეყნის განვითარების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს“, – განაცხადა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ და იქვე დასძინა, რომ მოსკოვის ყურადღებით ადევნებს თვალს, თუ როგორ დასრულდება საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.

ვალენტინა მატვიენკოს თქმით, დასავლეთი ცნობილი სცენარებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს ჩაერიოს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში.

შეგახსენებთ, რომ იმ მომენტიდან, როდესაც “აბაშიძე -კარასინის” რუსულ-ქართული დიალოგის ფორმატი ამოქმედდა, მოსკოვის მხრიდან გაკეთდა მინიშნება, რომ აღნიშნული ფორმატი იქნებოდა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ხასიათის თანამშრომლობის განხილვის სივრცე და საუბარი არ შეეხებოდა პოლიტიკას.

 

გულბაათ რცხილაძის კომენტარი:

საქართველოსა და რუსეთს შორის დღესდღეობით არ არის მწვავე დაძაბულობის ეტაპი, როგორიც არის სხვა დროს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანად მოხსნილია დაძაბულობა. ეს არის სიტუაციური შემოთავაზება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნების შემთხვევაში შესაძლოა გახდეს უფრო საფუძვლიანი, გრძელვადიანი და გადაიზარდოს თანამშრომლობაში. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ასეთი განცხადებები, შეიძლება ადრეც გაკეთებულიყო და უფრო სხვა კონტექსტში, როცა საქართველოსთვისაც ეს უფრო აქტუალური იყო. ახლა ცოტა დაგვიანებულია, რადგან აღარ დარჩა გონივრული დრო არჩევნებამდე, რათა „ქართულმა ოცნებამ“ ძირეულად შეცვალოს თავისი დამოკიდებულება სამეზობლო პოლიტიკისადმი. ვალენტინა მატვიენკოს განცხადება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უკვე განვლილი ეტაპია. საპარლამენტო ურთიერთობები თითქოს ადრეც იყო, საქართველოდან ჩადიოდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, იმართებოდა შეხვედრები, თუმცა მერე გაირკვა, რომ ხელისუფლება ატყუებს სუყველას. შესაძლოა, მსგავსი რაღაც მოხდეს ახლაც.

„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნების არანაირი რესურსი აღარ აქვს, ეს რომ მოხდეს, არჩევნების შედეგები ტოტალურად უნდა გაყალბდეს. არჩევნების შემდეგ საქართველოში უფრო უარყოფით მოვლენებს ველი, სამწუხაროდ. შეიძლება მოხდეს საგარეო კურსის ცვლილება არჩევნების შედეგად, თუ ვერ მივაღწევთ იმას, რომ არჩევნების არ გაყალბდეს.

ხალხის დიდი ნაწილი, დარწმუნებული ვარ, ხმას მისცემს ისეთ პარტიას, რომელიც არ ეკუთვნის არც „ოცნების“ და, არც ნაციონალების ფლანგს. პროცესები დამოკიდებულია იმაზე, თუ საქართველოში არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ძალთა როგორი კონფიგურაცია იქნება. არავინ აპირებს რუსეთთან მეორე ფრონტის გახნას, დასავლეთსაც თვითონ არ აწყობს კავკასიის ფლანგზე საქართველო იყოს სრულ იზოლაციაში. გარდა ამისა, რუსეთ-საქართველოს ომი დროში არ გაიწელება. შესაბამისად დასავლეთი დაკარგავს კონტროლს კავკასიაზე. ამიტომ არ იქნება მეორე ფრონტი და არა იმიტომ, რომ დასავლეთი ლმობიერია.

რუსეთთან დიალოგის პრობლემა ქართულ მხარეს აქვს, მას არ აქვს საამისო მზაობა. რუსეთსა და საქართველოს ინტერესების თანხვედრა აქვთ ძალიან ბევრს საკითხში და ასეთი საკითხები დაგროვდა. როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის ხელმძღვანელი აკეთებს ასეთ განცხადებას, ბუნებრივია, რომ იქ სხვა შტოებიც, საექსპერტო წრეები უფრო ნათლად ხედავენ ამ ურთიერთობების აუცილებლობას. მით უმეტეს, ეს არის მათთვის მისაღები და სასურველი საქმე.