ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და 27 ოქტომბრიდანაც იქნება ის ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობიანობას იმ პოლიტიკური პარტიის მუშაობის შედეგად, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და რომლის დამფუძნებელიც ის გახლავთ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანი გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო უწყების სტატიას „ნედის“ შესახებ და აღნიშნა, რომ სწორედ „ნედის“ გავლით დაფინანსდა კვლევა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომელიც იყო ტყუილი, ხოლო როდესაც ფაქტები დაუპირისპირა ამ კვლევის შედეგს თვითონ ბიძინა ივანიშვილმა, აღმოჩნდა, რომ კვლევის შედეგი არის ყალბი.
„ჩვენ ვაგრძელებთ კითხვების დასმას იქ, სადაც ეს არის ლეგიტიმური. როგორ ხდება, რომ გარედან შემოსული თანხები მიემართება ისეთ კვლევებსა და პროექტებზე, რომლებიც არამც თუ ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო არ არის, არამედ უკვე არაერთი წელია, საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას, სტაბილურობას, მშვიდობიანობას? გარედან შემოსულმა თანხამ, „ნედის“ გავლით, დააფინანსა კვლევა, რომელიც აღმოჩნდა ფსევდოკვლევა, რამაც დადო ცრუ შედეგი, თითქოს ბიძინა ივანიშვილს რუსეთში აქვს განხორციელებული სხვადასხვა ქმედება. როდესაც ფაქტები დაუპირისპირა ამ კვლევის შედეგს თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა წარმომადგენელმა, აღმოჩნდა, რომ კვლევის შედეგი არ ეფუძნება არცერთ ფაქტს და არის ყალბი. ჩვენ გავაგრძელებთ კითხვების დასმას, მათ შორის ახალმიღებული კანონის იმპლემენტაციის ეტაპზე, რომ გარედან შემოსული თანხების ასეთი ფორმით გამოყენება შეწყდეს ჩვენს ქვეყანაში. მეორე მხრივ, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომ უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხა მოხმარდეს იმას, რისთვისაც უცხო ქვეყნის გადასახადის გადამხდელი ამ თანხას საქართველოში აგზავნის და არა – პირიქით, როგორც ამას ხშირ შემთხვევაში ვხედავთ. ამ ძალებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და, მათთვის რაც უნდა სამწუხარო იყოს, 27 ოქტომბრიდანაც იქნება ის ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობიანობას იმ პოლიტიკური პარტიის მუშაობის შედეგად, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და რომლის დამფუძნებელიც ის გახლავთ“, – განაცხადა წულუკიანმა.