არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი აკეთებს პუტინის წინაშე, მე არასდროს გამიკეთებია ეს და გპირდებით, კამალა ჰარისიც არასოდეს გააკეთებს – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა.

ბაიდენმა თავდაპირველად ისაუბრა ქვეყნის შიგნით მიღწეულ წარმატებებზე. ამასთან, ჯო ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნა  უკრაინისა და ნატო-ს სიმტკიცე რუსეთის აგრესიის წინაშე.

„არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი ხრის თავს პუტინის წინაშე. მე არასდროს გამიკეთებია ეს და გპირდებით, კამალა ჰარისიც არასოდეს გააკეთებს ამას“,  – აღნიშნა ბაიდენმა.

სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენი შეეხო ისრაელსა და ღაზას შორის ომსაც. ჯო ბაიდენის თქმით, დაუღალავად მუშაობს, რათა მის მიერ ახლო აღმოსავლეთისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმა მიღებული იყოს ყველა მხარის მიერ, კონფლიქტის დასასრულებლად და მძევლების სახლში დასაბრუნებლად.

„ჩვენ დღე და ღამ ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ უფრო ფართო ომი და გავაერთიანოთ მძევლები თავიანთ ოჯახებთან, დაუყოვნებლივ გავზარდოთ ჰუმანიტარული, საკვები დახმარება ღაზაში, რათა დავასრულოთ პალესტინელი ხალხის ტანჯვა, ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტასა და დავასრულოთ ეს ომი“, – განაცხადა ბაიდენმ სიტყვით გამოსვლისას.

ამერიკის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ყრილობის პარალელურად მიმდინარე პალესტინის მხარდამჭერ აქციას.

„ქუჩაში მყოფ მომიტინგეებს სწორი არგუმენტი აქვთ. ბევრი უდანაშაულო ადამიანი იღუპება ორივე მხარეს“, – თქვა ბაიდენმა.