ბათუმში დაკავებულ ამერიკის მოქალაქეს საექსტრადაციო პატიმრობა 3 თვის ვადით შეეფარდა – მამაკაცს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აჭარაში დაკავებულ ამერიკის მოქალაქეს საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა – პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. 35 წლამდე პირს არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ინტერპოლით ეძებდნენ. დანაშაული მამაკაცმა 2023 წელს, შტატებში ჩაიდინა.

“ჩვენ აუცილებლად ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციაში. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ საექსტრადაციო პროცედურებს დაქვემდებარებული პირის მიმართ ყოფილიყო გამოყენებული ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთი ღონისძიება და ვფიქრობდით, რომ გირაო სრულიად უზრუნველყოფდა სათანადო ქცევას. ასევე, დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობებიც გააჩნდა, რატომღაც ჩვენ უარი გვეთქვა და დააკმაყოფილეს პროკურატურის მოთხოვნა. უარყოფს კატეგორიულად აღნიშნულ მოქმედებებთან, მის ბრალთან დაკავშირებით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სახელმწიფო ედავება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს”, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა დავით კეკელიძემ.

დაკავებულს სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით მიუსაჯა.

“სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან არასრულწლოვნის მიმართ. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა აღნიშნული ნივთმტკიცებები”, – განაცხადა პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა.