ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში ავიაიერიში მიიტანეს სკოლის შენობაზე, სადაც „ჰამასის“ მებრძოლები მოქმედებდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში ავიაიერიში განახორციელეს სკოლის შენობაზე, სადაც, მათი მტკიცებით, მოძრაობა „ჰამასის“ მებრძოლები მოქმედებდნენ.

მათი ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ზუსტი დარტყმა მიაყენეს ტერორისტებს, რომლებიც მოქმედებდნენ მუსტაფა ჰაფტის სკოლის შენობაში განთავსებულ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრში.

„ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ სისტემატურად არღვევს საერთაშორისო კანონს, მხეცურად იყენებს სამოქალაქო ინსტიტუტებს და მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს ტერორისტული საქმიანობისთვის“, – აცადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათი მტკიცებით, ავიაიერიშამდე მიიღეს ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების რისკის შესამცირებლად და სამხედროებმა ზუსტი მართვადი ჭურვები გამოიყენეს.