ზელენსკი უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდებს, რუსეთზე დარტყმებისთვის დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვის გაფართოებაზე იმუშაონ

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდა, წაახალისონ დასავლური სახელმწიფოები, რომ მათ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღების გამოყენების ნებართვა გააფართოონ. ამის შესახებ მან 19 აგვისტოს დნეპრში, უკრაინის საგარეო დიპლომატიური ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან ყოველწლიური შეხვედრის დროს განაცხადა, იუწყება European Pravda.

ზელენსკის თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დასავლეთს შეზღუდვები რომ არ დაეწესებინა, სასაზღვრო ზონაში უკრაინელი მოქალაქეების დასაცავად და რუსეთის აგრესიის პოტენციალის გასანადგურებლად კურსკის ოლქში ოპერაცია საჭირო არ იქნებოდა.

„რუსული სამხედრო ბაზები და რუსული სამხედრო აეროდრომები, რუსული ლოგისტიკა და სხვა სამხედრო ობიექტები, რომელთა არსებობაც პუტინს საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს მშვიდობის ძიებას, არის სრულიად სამართლიანი სამიზნეები ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ უკრაინას სჭირდება საკმარისი დიაპაზონი რუსული რაკეტებისა და მართვადი ბომბებისგან თავის დასაცავად, ასევე, რუსული ჯარების გადაყვანა და ზეწოლა ფრონტის საკვანძო მიმართულებებზე.

„ახლა ეს არის ძირითადი თავდაცვითი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა დაეხმაროს ჩვენს მეომრებს. ეს ეხება, პირველ რიგში, ჩვენი დიპლომატების, თქვენი და უკრაინის სხვა წარმომადგენლების მუშაობას ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში და ასევე იმ ქვეყნებში, რომლებიც თავად, ან პარტნიორებზე ზემოქმედების გზით შეძლებენ გადაწყვიტონ საკითხი შორს მოქმედების შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი აზრით, კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე რუსეთის ხელისუფლების რეაქცია მიანიშნებს, რომ „არ არსებობს იმის რაციონალური მიზეზი, არ მოგვცენ საშუალება, ვიყოთ მართლაც ძლიერები“.