ჩეხეთის პრეზიდენტი: „ჩრდილოეთ ნაკადები“ ომის ლეგიტიმური სამიზნეებია

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ Nord Stream 1 და Nord Stream 2 მილსადენები რუსეთ-უკრაინის ომში თავდასხმის ლეგიტიმურ სამიზნედ განიხილება, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მას არ გააჩნია მტკიცებულება აფეთქებაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ. ამის შესახებ მან PoliTalk-ის პოდკასტში თქვა, რომლის ტექსტურ ვერსიას Novinky აქვეყნებს.

მისივე თქმით, როდესაც შეიარაღებული კონფლიქტი ხდება, ის არა მხოლოდ სამხედრო მიზნების, არამედ სტრატეგიული მიზნების წინააღმდეგაც მიმდინარეობს.

„მილსადენები კი სტრატეგიული სამიზნეებია, ასე ვფიქრობ“, – აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აქვს მკაფიო ინფორმაცია იმის შესახებ, მილსადენების აფეთქების უკან დგას თუ არა უკრაინა.

„ყოველთვის იყო და იქნება სამიზნე, რადგან მათ აქვთ პოტენციალი გავლენა მოახდინონ კონფლიქტზე ამ თუ იმ მიმართულებით“, – დასძინა პეტრ პაველმა.

მანამდე კი, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქებებთან.

ინფორმაციისთვის, რუსეთი მომხდარ აფეთქებებში აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას ადანაშაულებს.

გერმანული გამოცემების, Süddeutsche Zeitung-სა და Die Zeit-ის ცნობით, გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის” (Nord Stream) აფეთქების საქმეზე უკრაინელი ვლადიმირ ზელენსკის დაკავების ორდერი გასცა.

აფეთქების საქმეში ბრალდებულია სამი უკრაინელი მყვინთავი, თუმცა დაკავების ორდერი მხოლოდ ერთზე გაიცა.

გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ოთხიდან სამი ხაზი 2022 წლის სექტემბრის ბოლოს აფეთქების შედეგად დაზიანდა.