“რეზონანსი”, რომელიც “ქოცებმა” მოქრთამეს, ნიკა გვარამიას “ანტითურქულ” განცხადებას ხედავს, თუმცა ანტირუსულზე – სდუმს

გაზეთი “რეზონანსი”, რომლის დამფუძნებელი და შეუცვლელი გრანტიჭამია რედაქტორი ლაშა ტუღუშია, თავს ესხმის ნიკა გვარამიას – ირიბად, მაგრამ მაინც.

თავდასხმა გამოიხატება გვარამიას მონაჩმახის შეფასებაში, როდესაც სამეგრელოში მყოფმა გვარამიამ “ანტითურქული განცხადება” გააკეთა თურმე.

კერძოდ, “რეზონანსის” მიერვე გავრცელებული ინფორმაციით, გვარამიამ “ანტითურქული განცხადება გააკეთა”. კერძოდ, გვარამიას, კოალიცია „ცვლილებებისთვის” ზუგდიდის ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, უთქვამს:

„სამეგრელო არის ადგილი, რომელიც, რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში და ხდება ბევრი, ხდება ხშირად, ხდება სამწუხაროდ – არასდროს, არც ერთი მილიმეტრით, არც ერთი ნაბიჯით, არ გადასულა ერთიანი საქართველოს მაგისტრალიდან და არასდროს წასულა არც რუსეთისკენ, არც თურქეთისკენ, თურქეთს ვგულისხმობ ისლამურ თურქეთს”.

გვარამია რომ “სვეტურად” დავარცხნილი ქაჯია, ისედაც ცნობილია, მას თავისი გასაჭირი ეყოფა. ახლა, როგორც ჩანს, ისიც “მეგრული კარტის” გათამაშებას ცდილობს, როგორც ყველა, ყოველი არჩევნების წინ. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აუცილებლობად გვევლინება სამეგრელოსადმი განსაკუთრებული ქათინაურები და ლიქნი, სისულელეების როშვა, იმ დონემდე, თითქოს, სამეგრელოში ისეთი ჩლუნგი ხალხი ცხოვრობდეს, რომ ცენტრიდან იქ ჩათრეული პოლიტიკანები, თავიანთი მსუყე ქათინაურებით, ადგილობრივებს გონებას დაუბინდავენ და მოთაფლავენ.

რა თქმა უნდა, სამეგრელო უკეთესს იმსახურებს, ვიდრე ამ მლიქვნელ პოლიტიკოსებს. სამეგრელო საქართველოს სხვა კუთხეებზე არც მეტია და არც ნაკლები. თუმცა ეს იქეთ იყოს, მაგრამ რა უნდა “რეზონანსს”, რომელიც ბოლო დროს “ქოცისტანმა” მოქრთამა და ამერიკული გრანტებიდან აშკარად ბიძინას “პადაჩკებზე” გადმოსვა?

თუკი უტევ გვარამიას, ლაშა ტუღუშო, მაშინ, ბოლომდე შეუტიე, რა შუაშია “ანტითურქული განცხადება”? ანტირუსულ განცხადებას რატომ ვერ ამჩნევ, თუ ეგ ქოცებისგანაც “ნაკურთხია”?

როგორც ნიკა გვარამია გახლავთ ლიბერალურ-მედასავლეთე ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სახე, ისე “რეზონანსია” ქოცური ანტი-პოლიტიკის მეორე სახე. რუსოფობია მოსულა, მაგრამ თურქეთზე თუ რამე თქვი – ოოო, ეს არ შეიძლება!