სომხეთში, 58 ადამიანია ინფიცირებული „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით – ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით 58 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 41 ჰოსპიტალიზებულია, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი – საშუალო სიმძიმის.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის გენერალური დირექტორი სტეპან ატოიანი ავრცელებს.

მისი თქმით, ვირუსის პირველი შემთხვევა 7 აგვისტოს არაგაწოტნის ოლქში დაფიქსირდა.

ამჟამად ვირუსის გავრცელების სავარაუდო არეალად არაგაწოტნის, არმავირისა და არარატის ოლქები მოიაზრება.

ვირუსის გავრცელება დაინფიცირებული კოღოების საშუალებით ხდება და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.