“ესაა “ოცნების” საქართველო, როცა ოლიგარქია შუშის ბარიერიდან ელაპარაკება მოსახლეობას” | ნიკა გვარამია

“ქართული ოცნების” მიერ  საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მცხეთაში გამართული ღონისძიება და მასზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის გამოსვლის ფორმა – ტყვიაგაუმტარ მინას ამოფარებული ოლიგარქი, პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა. “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით, გუშინდელმა ღონისძიებამ აჩვენა, რომ “ქართული ოცნება” ეს არის შუღლის, დაპირისპირების და ქაოსის პარტია, ოლიგარქიას არაფერი აქვს შესათავაზებელი ქართველი ხალხისთვის და  შუშის ბარიერიდან ელაპარაკება მოსახლეობას და დანარჩენ სამყაროს.

“გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართული ოცნება” ეს არის შუღლის, დაპირისპირების და ქაოსის პარტია. რომელსაც არაფერი აქვს შესათავაზებელი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ, “კოალიცია ცვლილებისთვის”, არ ვაპირებთ განხილვას, რა ილაპარაკა ადამიანმა, რომელიც მოსახლეობასთანაც შუშის ბარიერს იშენებს და საკუთარ გუნდსაც შუშის ბარიერიდან ელაპარაკება. ეს არის ზუსტად “ქართული ოცნების” საქართველო, როდესაც ოლიგარქია და უსამართლოდ გამდიდრებულები შუშის ბარიერიდან ელაპარაკებიან მოსახლეობას და დანარჩენ სამყაროს. ჩვენ, “კოალიცია ცვლილებისთვის”, ვაპირებთ საუბარს არა იმაზე, თუ “ქართული ოცნება” როგორი ცუდია, ყველამ ვიცით, რომ ოცნება იმაზე გაცილებით ცუდია, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ჩვენ ვაპირებთ, ვისაუბროთ რას გავაკეთებთ ჩვენ, როგორ შევცლით “ქართულ ოცნებას”, როგორ დავიცავთ ხმებს, და შემდეგ როგორ წავიყვანთ საქართველოს წინ ევროპული, უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე ბედნიერი მომავლისკენ. ეს გვაინტერესებს, ამაზე ვაპირებთ საუბარს და არა “ქართული ოცნების” შინაარსების განხილვას,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.