ხიხოების ბრძოლა: ბარამიძე ერთ ხიხოს მეორით აშინებს ანუ მიშპოცა ბიძოს წინააღმდეგ

შე მოღალატე „ხიხო“, 12 წელია „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებით რომ იმუქრები, ვის გგონია, რომ შეაშინებ? მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც სიკვდილის არ შეეშინდა და საქართველოში ჩამოვიდა? მე შემაშინებ? 600 000 მომხრეს? 26 ოქტომბერს ხმების ორ მესამედს კი არა, ქართველი ხალხისგან დიდ პანღურს მიიღებ! – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე, მცხეთაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის დროს, ამავე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი გზავნილებს.

მისი თქმით, გუშინ საკუთარი მომხრეების წინაშე ხელოვნურად და საგანგებოდ მოყვანილი, დაჯავშნული, ბარიერს მიღმა მდგარი ბიძინა ივანიშვილი ვიხილეთ, რომელმაც ქვეყანა თავის შპს-ად გადააქცია.

„ახლა მინდა მივმართო სწორედ ბიძინა ივანიშვილს: შე მოღალატე „ხიხო“!

12 წელია „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებით რომ იმუქრები, ვის გგონია, რომ შეაშინებ? მიხეილ სააკაშვილს? რომელსაც სიკვდილის არ შეშინებია, ჩამოვიდა საქართველოში და, როგორც პუტინის პატიმარი, ზის და ღირსებით უძღვება თავის გუნდს?

მე შემაშინებ? „ნაციონალური მოძრაობის“ 600 000 მოხრეს და წევრს შეაშინებ? რომელმაც ეს 12 წელი შენი ტერორის ქვეშ გამოიარა, როდესაც ერთადერთი რამ გქონდა მიზნად დასახული, რომ „ნაციონალური მოძრაობა’’ გაგენადგურებინა! რამდენი საქმე აღძარი, რამდენი ადამიანი გაათავისუფლეთ სამსახურიდან, რამდენს დახვდით, სცემეთ, ესროლეთ…

ვინ დააშინეთ, შე მართლა ლაჩარო და არაკაცო?! შე პუტინის მონავ, ვინ უნდა შეაშინო? ქართველი ხალხი უნდა შეაშინო? რომელსაც ოპონენტების გაქრობას სთავაზობ? ბელარუსად გინდა გადააქციო საქართველო? არ გამოგივა! ხმების ორ მესამედს კი არა, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან ძალიან დიდ პანღურს მიიღებ, იმიტომ, რომ შენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შენი ხელისუფლება გამდიდრდა და ხალხი გაღარიბდა, იმიტომ, რომ ყველა დანაპირები ტყუილი აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი გადააგდე, იმიტომ, რომ სიღარიბის გამო, 800 000 ქართველი გავიდა ქვეყნიდან, იმიტომ, რომ საქართველო ქართველებისგან დაცალე და მოღალატეებითა და ჯაშუშებით გაავსე. იმიტომ, რომ შენს გაქსუებულ ჩინოვნიკებს ასობით ათასის ღირებულების საათი უკეთიათ მაჯაზე, ზუგდიდში კი ბავშვები იწვებიან, რადგან დენი არ აქვთ, შენ და შენს მონებს კი ბიტკოინის ქარხანაში უფასო დენი გაქვთ!

იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს პერსპექტივა არა აქვთ. იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება კრიმინალებს შეერწყა. იმიტომ, რომ გგონია, ეს ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, დიახაც რომ ქრისტიანული, უძველესი ევროპული ცივილიზაციის, შოთა რუსთაველის, ილიას, დავით აღმაშენებლის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას ქვეყანა, ლუკაშენკოს ქვეყანა და შენი ორღობე გგონია!

ძალიან მაგრად ცდები და გპირდები, რომ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეიკვრება და არ ჩადენილ დანაშაულს გაპატიებს.

ჩვენ არ გემუქრებით, რადგან, როდესაც გავიმარჯვებთ, ჩვენ არ ვაპირებთ შენზე შურისძიებას, განსხვავებით შენგან, ჩვენი მიზანი ოპონენტის განადგურება არ არის!

ჩვენი მიზანია, საქართველოს ფეხზე დაყენება, რადგან საქართველო გვიყვარს. მეგობრებს ზურგს კი არ შევაქცევთ, როგორც შენ ეს გააკეთე, რომ დავრჩენილიყავით რუსეთის პირისპირ, რაც არის პუტინის გეგმა. მოღალატე ხარ! ჩვენ კვლავ აღვადგენთ მეგობრობას აშშ-თან, ევროკავშირთან, საქართველოს აღმავლობისა და მშვიდობიანი კეთილდღეობის გზაზე კვლავ დავაყენებთ, ჩვენ არ გვეცლება შენს სადევრად, უბრალოდ, კეთილს ინებებ და მოიტან მოპარულ მილიარდებს, რომელსაც მოვახმართ პენსიის გაზრდას, პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, ახალგაზრდებს. მოვახმართ იმას, რომ საშუალო და წვრილი ბიზნესს დავეხმაროთ, რათა ქვეყანა კი არ დაიცალოს, შობადობის სტიმულირება მოვახდინოთ, რომ ამაყი და ჩვენი ქვეყნის გამაძლიერებელი ქართველები დაიბადონ ჩვენს ქვეყანაში.

ასე რომ, არაფერი შეგეშალოს: საქმე გაქვს მიხეილ სააკაშვილთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ქართულ, პატრიოტულ საზოგადოებასთან, რომელიც შენნაირ მოღალატეებს თავს არ დაუხრის და ამიტომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან დიდ პანღურს ელოდე – ეს არის ჩვენი პასუხი!”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.