ბოტსვანაში აღმოაჩინეს 2 492 კარატიანი ბრილიანტი – ერთ-ერთი უდიდესი ალმასი, რომელიც ოდესმე უპოვიათ

კანადურმა სამთო-მომპოვებელმა კომპანიამ ბოტსვანაში 2 492 კარატიანი დაუმუშავებელი ბრილიანტი აღმოაჩინა.

ბოტსვანის პრეზიდენტმა მოკგვეესტი მასისიმ ძვირფასი ქვა უკვე დაათვალიერა. მისი ხელისუფლების თქმით, ეს მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასია.

„ალმასი პოვნა კაროუს ბრილიანტის მაღაროში, რენტგენით გამოვლენის ტექნოლოგიის დახმარებით გახდა შესაძლებელი“, – ნათქვამია Lucara Diamond Corp-ის განცხადებაში“. 

კომპანიას არ დაუსახელებია ბრილიანტის ქვის ღირებულება ან ხარისხი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს, ერთ-ერთი უდიდესი დაუმუშავებელი ალმასია, რომელიც ოდესმე უპოვიათ.

როგორც france24 აღნიშნავს, ბოტსვანა მსოფლიოში ბრილიანტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რაზეც ქვეყნის შემოსავლების ძირითადი ნაწილი მოდის.

მსოფლიოში ყველაზე დიდი – 3106 კარატიანი ბრილიანტი სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს 1905 წელს. მოგვიანებით, ის 9 ნაწილად დაჭრეს და მისი დიდი ნაწილი ბრიტანეთის მონარქების სამეფო გვირგვინების დასამზადებლად გამოიყენეს.

ბოლოს, ყველაზე დიდი, 1758 კარატიანი ბრილიანტი კომპანია Lucara-მ 2019 წელს იპოვა და მას შემდეგ, ის ითვლებოდა მსოფლიოს მეორე უდიდეს ბრილიანტად.