ევროკავშირმა მინსკს მოუწოდა, რომ ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს

ევროკავშირმა მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას, რომ მან ციხიდან ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პეტერ სტანომ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბელარუსის ციხეებში 1300-ზე მეტი პოლიტპატიმარი რჩება, რომელთა იქ ყოფნის პირობები ხშირად სიცოცხლისთვის საშიშია.

მათ შორის არიან სერგეი ტიხანოვსკი, მარია კოლესნიკოვა, იგორ ლოსიკი, ვიქტორ ბაბარიკო და ბევრი სხვა ადამიანი. ევროკავშირი მოუწოდებს ასევე ბელარუსს, რომ სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ ყველა იმ პატიმარს, ვინც ამას საჭიროებს.

16 აგვისტოს ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა 30 ადამიანის შეწყალების ბრძანებულებას. ისინი 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის გაასამართლეს.