დუროვის დაკავების შემდეგ Telegram-ის პოპულარობა გაიზარდა

მას შემდეგ, რაც საფრანგეთში მესენჯერ Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი დააკავეს, მსოფლიოში iOS-მოწყობილობებზე Telegram-ის გადმოქაჩვა დღე-ღამეში 4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

App Store-ში დუროვის მესენჯერი გადმოწერის მონაცემებით ყველა აპლიკაციას შორის მესამე ადგილზე გავიდა. ამერიკულ ონლაინ მაღაზიაში Apple Telegram 26 აგვისტოს სოციალურ ქსელებს შორის მეორე ადგილს იკავებდა.

აშშ-ში App Store-ის საუკეთესო აპლიკაციათა რეიტინგში, სადაც თამაშებიც შედის, Telegram-მა მე-18 ადგილიდან მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა. ამ რეიტინგში არა მხოლოდ აპლიკაციის ჩამოტვირთვის რაოდენობა, არამედ მისი სიჩქარეც ითვლება.

ცნობისთვის, Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში 24 აგვისტოს დააკავეს. ის სისხლის სამართლის 12 მუხლით არის ეჭვმიტანილი. საუბარია ონლაინ-პლატფორმის ადმინისტრირებაზე, რომელიც უკანონო გარიგებებისთვის გამოიყენებოდა, არასრულწლოვანების პორნოგრაფიული კონტენტის შენახვაზე, ნარკოტიკების გავრცელებაზე, ჰაკერობაზე, თაღლითობაზე და სამართალდამცველებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმაზე. ბიზნესმენს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი წინასწარი დაკავების ვადა 28 აგვისტომდეა გაგრძელებული.

პაველ დუროვმა Telegram 2013 წელს შექმნა. დღეს ეს მსოფლიოში პოპულარობით მეოთხე მესენჯერია. აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 950 მლნ-ს შეადგენს. Telegram-ის მიახლოებითი ფასი 30 მლრდ დოლარია. პაველ დუროვი 2014 წლიდან რუსეთში არ ცხოვრობს. 2021 წელს მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.