რეპრესიები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებების პოლიტიკური შეფასება კვლავინდებურად აუცილებელი მგონია

ის, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობა პოლიტიკურად არ შეფასდა, გახდა მიზეზი იმისა, რომ 2014 წელს მე “ქართული ოცნებიდან” წამოვედი. იქ ვიყავი და კარგად ვიცი, რა ზეწოლა იყო დასავლეთიდან იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრობის” ქმედებები პოლიტიკურად არ შეფასებულიყო. იყო რამდენიმე ადამიანი, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა, ესეც დასავლეთის ნებართვით, საზოგადოდ პარტიის საქმიანობა კი არ შეფასებულა.

ამას სხვა მიზეზიც ჰქონდა – კერძოდ, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” სწორუპოვარი წევრი იყო და ძალიან სწრაფად დაპორტირდა “ქართულ ოცნებაში”. პოლიტიკური თამაშის წესები ასეთ რამესაც ითვალისწინებს – კომპრომეტირებული ადამიანი უფრო მორჩილი და ერთგულია, შესაბამისად, ისინი ყველა ხელისუფლებას სჭირდება. ეს აწყობდა “ქართულ ოცნებასაც” და ამიტომაც მოხდა ეს მასობრივი გადმობარგება. მოკლედ, იყო დასავლეთის ზეწოლა და ასევე იყო მტრის ბანაკიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადმობირების ცდა… ახლა სხვა ვითარებაა, როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” დასავლეთის მიმართ ის ვალდებულებები, რაც 2012 წელს ჰქონდა, აღარ აქვს.

რეპრესიები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებების პოლიტიკური შეფასება კვლავინდებურად აუცილებელი მგონია. მე არ ვამბობ, რომ ეს ანგარიშსწორებად უნდა იქცეს. ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რათა ანალოგიური შეცდომები კვლავაც არ იქნეს დაშვებული. თუნდაც გასარკვევია ის, თუ როგორ მივედით 2008 წლის ომამდე და მერე როგორ მივატოვეთ ბრძოლის ველი. კიდევ ბევრი სხვა საკითხია… შეფასება აუცილებელია, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია. როგორც ამბობენ, “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, მაგრამ ამ საკითხის საარჩევნო კამპანიის ნაწილად ქცევა, ვფიქრობ, არასწორია, რადგან გაცილებით სხვა რამ არის სათქმელი… ვიმეორებ, საჭიროა პოლიტიკური შეფასება და არ უნდა გავმართოთ სასამართლო… ოღონდ შეფასება უნდა იყოს იურიდიულად კარგად გამართულ ფაქტებზე დაფუძნებული. საარჩევნო პროცესში ამაზე აპელირება რამდენად შედეგიანი იქნება, არ ვიცი…

კი, არიან ადამიანები, ვინც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პასუხი არ აგო, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი რაოდენობა. გადამწყვეტია ახალი ამომრჩეველი, ანუ ახალგაზრდები, რომლებსაც სულ სხვა შეხედულებები და ფასეულობები აქვთ. მათ ახალი მიდგომები და განსხვავებული დაპირებები სჭირდებათ… სიმართლე გითხრათ, მეც ვერ ვხედავ ახალგაზრდებზე მორგებულ, გამართულ კამპანიას. არადა, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ განათლების სისტემა კვლავ დიდი პრობლემაა. ჩვენ უნდა შევუქმნათ ახალგაზრდებს პირობები, რათა მაქსიმალურად ღრმა ცოდნა მიიღონ. ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში არჩევს სწავლის გაგრძელებას და მათგან ძალიან ცოტა თუ ბრუნდება სამშობლოში. თუ ქვეყანაში არ იქნა განვითარებული ეკონომიკა შესაბამისი ინდუსტრიით, სადაც შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები მაღალი ცოდნისა და ინტელექტის ახალგაზრდებისთვის, ისინი აქ არ გაჩერდებიან.

 

მამუკა არეშიძე (“კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში)