CNN: F-16 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, ერთ-ერთი წამყვანი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა – ამჟამად ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს

უკრაინაში ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის რეაქტიული გამანადგურებელი ჩამოვარდა. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ავიაგამანადგურებელი F-16

F-16 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, წამყვანი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი უკრაინის თავდაცვით ძალებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს განცხადებით, უკრაინის თავდაცვით ძალებში არ სჯერათ, რომ ინციდენტის უკან პილოტის შეცდომა დგას.

აღსანიშნავია, რომ მანამდე გაზეთ The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ინციდენტი, სავარაუდოდ, პილოტის შეცდომის შედეგი იყო.

წყარომ ასევე აღნიშნა, რომ მფრინავი ოლექსი მესი რუსული საჰაერო თავდასხმის მოგერიების დროს დაიღუპა.

ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან მიწვეულნი.

როგორც CNN-ი აღნიშნავს, პილოტის გარდაცვალება უკრაინისთვის დიდი დარტყმაა. პირველი F-16-ები უკრაინამ მიმდინარე თვის დასაწყისში მიიღო, ხოლო ოლექსი მესი ერთ-ერთი იმ რამდენიმე მფრინავიდან იყო, რომელმაც სპეციალური ტრენინგი გაიარა.