პეტრე ცისკარიშვილი – ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება დაპაუზებულია და ყველა ელოდება არჩევნებს, როცა ხალხმა, ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა თქვას საბოლოო სიტყვა, რა გვინდა – იზოლაცია და სიღატაკე თუ კეთილდღეობა და ევროპა

ფაქტია, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება დაპაუზებულია და ყველა ელოდება 26 ოქტომბრის არჩევნებს, როცა ხალხმა, ჩვენმა ამომრჩეველმა, უნდა თქვას საბოლოო სიტყვა, რა გვინდა- იზოლაცია და სიღატაკე თუ კეთილდღეობა და ევროპა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთიდანაც არაერთხელ გაკეთდა განცხადებები საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის შესახებ.

“ჟოზეფ ბორელის განცხადებამდე იყო მრავალი სხვა განცხადება ევროპის ქვეყნებიდან, ისევე როგორც შეერთებული შტატებიდან, რომ საქართველომ რუსული კანონის მიღების ფონზე კურსი შეცვალა, შემდეგ შეცვალა თავისი საგარეო ტრაექტორია და რომ შეჩერებულია, დაპაუზებულია ჩვენი ევროინტეგრაცია. ეს არის განცხადებები, რომლებიც პრაქტიკულად, მტკიცებულებებად უნდა იყოს გამოყენებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში, იმიტომ რომ, თუ ჩვენ გვაინტერესებს, მიდის თუ არა საქართველო ევროპისკენ და რუსულმა კანონმა დააზიანა თუ არა ეს კურსი, მაშინ პირველ რიგში, ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს – დაჯდეს მაგიდასთან და მოაწეროს ხელი, რომ საქართველო მიდის ევროკავშირისკენ, მიაღწია სტანდარტებს და აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რაც გაწევრიანებისთვის მოეთხოვება”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე პროცესზე, ცისკარიშვილის თქმით, სასამართლო სხდომაზე “იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სიტყვებით ჟონგლიორობა ვხედავთ”.