უკრაინის გენშტაბმა F-16-ის ჩამოვარდნა და მისი პილოტის დაღუპვა დაადასტურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავის, F-16-ის ჩამოვარდა, მისი პილოტი კი დაიღუპა. ამის შესახებ გენშტაბის Telegram არხზე წერია.

უკრაინა F-16-ს ელოდება

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, F-16-მა კატასტროფა იმ დროს განიცადა, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმის მოგერიებაში ჩაერთო საზენიტო-სარაკეტო ძალების დანაყოფებთან ერთად.

„საჰაერო ბრძოლის დროს, F-16-ის თვითმფრინავმა თავისი მაღალი ეფექტურობა აჩვენა და მტრის ოთხი საკრუიზო რაკეტის ჩამოგდებაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ სამიზნეებთან მიახლოებისას, ერთ-ერთ თვითმფრინავთან კონტაქტი დაიკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კი დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გენშტაბში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ მომხდარის მიზეზების გასარკვევად თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ავიაკატასტროფის ზონაში მუშაობს.