გერმანიაში დანით შეიარაღებულმა ქალმა ავტობუსის 5 მგზავრი დაჭრა

გერმანიის ქალაქ ზიგენში დანით შეიარაღებული ქალი ავტობუსის მგზავრებს თავს დაესხა და 5 ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

თავდასხმის ადგილი გერმანიაში

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 32 წლისაა და ის გერმანიის მოქალაქეა. პოლიცია ტერორიზმის ვერსიას გამორიცხავს. სააგენტო dpa იუწყება, რომ პოლიცია თვითმხილველთა დაკითხვას აწარმოებს. გამორიცხული არ არის, რომ თავდამსხმელ ქალს ფსიქიკური პრობლემებიო ჰქონდა. პოლიციამ ქალი დააკავა.

ავტობუსი სპეციალური მარშრუტით, ქალაქ ზიგენის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ზეიმზე მიდიოდა. მასში 40 მგზავრი იმყოფებოდა. სატრანსპორტო საწარმოს, Westfalen-Süd-ის ცნობით, თავდასხმის დროს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება გააჩერა. ამის გამო ბევრმა მგზავრმა თავდამსხმელისგან გაქცევა მოახერხა.

გერმანიაში ბოლო დღეებში დანის გამოყენებით რამდენიმე თავდასხმა მოხდა. ერთი კვირის წინ ქალაქ ზოლინგენში თავდამსხმელმა 3 ადამიანი მოკლა და 8 დაჭრა.