ნატოს გენერალური მდივნის, იენ სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში კანონიერია და კიევის თავდაცვის უფლების ნაწილს წარმოადგენს.
„უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
ამასთან, სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო წინასწარ არ იყო ინფორმირებული უკრაინის გეგმების შესახებ და არანაირი როლი არ უთამაშია.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ ოპერაცია მიზნად ისახავს ბუფერული ზონის შექმნას რუსეთის შემდგომი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. როგორც ყველა სამხედრო ოპერაცია, ესეც რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა, როგორ დაიცვას თავი“, – დასძინა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, უკრაინულმა ძალებმა 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციაში, კურსკის რეგიონზე შეტევა დაიწყეს.
ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ ის აკონტროლებს 1000 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიას.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კურსკის რეგიონში ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც იგეგმებოდა.
„ჩვენი იქ ყოფნის პლაცდარმი სულ უფრო ძლიერდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.