მარკეტა გრეგოროვა – თუ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მანიპულაციას ექნება ადგილი, ჩვენ გვაქვს ბელარუსის პრეცედენტი, როცა ევროკავშირმა არ აღიარა ლუკაშენკო, როგორც პრეზიდენტი და ქვეყანა დავასანქცირეთ

ტექნიკურად ახლა ყველაზე დიდი გამოწვევა მთელი საქართველოსთვის არის მომავალი არჩევნები და როგორ ჩაივლის ის, რადგან „ქართული ოცნების“ განცხადებებით ჩანს, რომ თუ ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, სურთ ოპოზიციის თუ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა. ეს პირდაპირ საწინააღმდეგოა იმისა, რასაც დემოკრატია თავის თავში გულისხმობს. ეს, ასევე, იქნებოდა ხელისუფლების დე ფაქტო მიტაცება,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ “თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.

მარკეტა გრეგოროვა - თუ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მანიპულაციას ექნება ადგილი, ჩვენ გვაქვს ბელარუსის პრეცედენტი, როცა ევროკავშირმა არ აღიარა ლუკაშენკო, როგორც პრეზიდენტი და ქვეყანა დავასანქცირეთ

მისივე შეფასებით, ნებისმიერ ნორმალურ დემოკრატიაში პარტია, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების გაუქმებას გეგმავს, არ იქნებოდა არჩევადი.

„ვფიქრობ, მომავალ არჩევნებზე ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ და ეს არის ის, რაში დახმარებაც ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შეუძლიათ, რომ არჩევნები არ იქნას მანიპულირებული, იყოს სამართლიანი და დემოკრატიული. ეს არის საუკეთესო, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია.

ჯერ კიდევ არის საკმაო გამოუყენებელი ბერკეტები – ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეჩერდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაპირველად მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს უკვე არის საკმაოდ ძლიერი ნაბიჯი. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, ევროკავშირს თავის მხრივ არ შეუძლია ახლა მათი იმპლემენტაცია, თუმცა ეს არის საკითხი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის. ვფიქრობ, არის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომელიც იქნება დაინტერესებული ინდივიდუალური სანქციების იმპლემენტაციით“, – განაცხადა გრეგოროვამ.

კითხვაზე: რითი არის გამოწვეული „ქართული ოცნების“ მიერ რიტორიკის მკვეთრი ცვლილება, გრეგოროვამ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, მას კურსი არასდროს შეუცვლია, რადგან საწყისშივე ასეთი იყო.

„მე ვფიქრობ, პანელის მიმდინარეობისას საინტერესო აზრმა გაიჟღერა, რომ სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ არასდროს შეუცვლია კურსი, რადგან ისინი ასეთები დასაწყისიდან იყვნენ და ვიხრები იმისკენ, რომ ამ აზრს დავეთანხმო. ვაკვირდები რა საქართველოს უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, ვაცნობიერებ, რომ კრიტიკა, რომელიც მათ მიმართ გვაქვს, ყოველთვის ადგილზე იყო. ახლა რაც გასაოცარია არის ის, რომ ყველა პარტიას სურს, შეინარჩუნოს დემოკრატია, მაგრამ თუ ოპოზიციური პარტიის აკრძალვა გსურს და ამას არჩევნებამდე ამბობ, ნორმალურ დემოკრატიაში არჩევადი არ იქნებოდი, არავინ აირჩევდა პარტიას, რომელიც გაანადგურებდა დემოკრატიას. აქედან გამომდინარე, გულწრფელად არ ვიცი, რას უყურებს „ქართული ოცნება“ – აქვთ ეს გამოკითხვების შედეგებში, რომ სწორედ ამის მოსმენა სურს მის ამომრჩევლებს ?! ასე არ ვფიქრობ, და იმედი მაქვს ამას არჩევნების შედეგებში ვიხილავთ.

არ ვიცი ამას რატომ აკეთებენ, რადგან ვფიქრობ, რომ ეს სტრატეგია აგებს არჩევნებს და წააგებინებს მათ არჩევნებს, რაც შესაძლოა, კარგიც იყოს დემოკრატიისთვის, მაგრამ გასაოცარია ეს იმ პარტიისგან, რომელსაც არჩევნებში გამარჯვება სურს. ჩემი პირადი აზრია და გულწრფელი ვიქნები, რომ როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ომს რუსეთი მოიგებს უკრაინაში მომავალ თვეებში და მათ სურთ იყვნენ ე.წ. გამარჯვებულ მხარეს. თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ – უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ვფიქრობ, თუ არჩევნების მანიპულაცია იქნება, ჩვენ ბელარუსის შემთხვევას უნდა შევხედოთ, სადაც ევროკავშირმა არ აღიარა ლუკაშენკო როგორც პრეზიდენტი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ოპოზიციას, რომელიც წარმოდგენილია ძირითადად სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ და ასევე მთელს ბელარუსულ სამოქალაქო საზოგადოებას ფინანსურადაც და დიპლომატიურადაც და ჩვენ დავასანქცირეთ ბელარუსი. ამიტომ თუ ასეთი შემთხვევა იქნება საქართველოში და ვიმედოვნებ რომ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ეს პრეცედენტი არსებობს“, – განაცხადა გრეგოროვამ.