მიხეილ სააკაშვილი – თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი ემუქრება ჩვენს მთავარ თავისუფლებას

ეს არიას აბსოლუტურად ავადმყოფური ხელისუფლება. ხალხო, თქვენ ვერ ატყობთ, რომ ავადმყოფებთან, ფსიქიკურად გაუმართავ ადამიანებთან გაქვთ საქმე? არამხოლოდ პათოლოგიურ მატყუარებთან, არამედ ჭკუიდან გადასულ ავადმყოფებთან. „დუშკაბინიდან“ ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში არც ისე სასაცილოა, იმიტომ, რომ ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ციხეში „ჩაყრას აპირებს“.

„თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი ემუქრება ჩვენს მთავარ თავისუფლებას, პირველი, სიტყვის თავისუფლებას. რუსული კანონი დახურავს ყველა დამოუკიდებელ ტელევიზიას, მედიას და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, პოლიტიკურ თავისუფლებას.

ის აპირებს პოლიტიკური ოპოზიციის გაუქმებას, ამის შესახებ ღიად აცხადებს და აპირებს, პარლამენტიდან ოპოზიციის გაყრას. ის გეგმავს ათასობით ადამიანის ციხეში ჩაყრას, ამას არც მალავს და პირდაპირ გეუბნებათ. უამრავი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება, ჩემი ჩათვლით. უბრალოდ, პოლიტიკური აქტივიზმისთვის, აზრის გამოხატვისთვის, სხვანაირად ფიქრისთვის ყველას ციხეში ჩაყრას აპირებს, აღმსარებლობით თავისუფლებას იმიტომ, რომ მან პირდაპირ წარმოადგინა თავისი ჯოჯოხეთური გეგმა ჩვენი ეკლესიის დაუფლების და კიდევ კარგი, არ გამოუვიდა იმიტომ, რომ აქ, სუს-ს სურს ჩვენი აღსარების საიდუმლო. მე, მაგალითად, თვეში ერთხელ ვეზიარები და ვაბარებ აღსარებას. იმით, რაც სურს ივანიშვილს, თუ გაუვიდა, მას უნდა ჩვენი აღსარების შინაარსის გაკონტროლება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ემუქრება საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებას, რადგანაც საკმარისია ივანიშვილი იყოს ხელისუფლებაში და ევროკავშირი საქართველოს ავტომატურად გაუუქმებს უვიზო მიმოსვლას. სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ემუქრება საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

„თუ ეს ყველაფერი გამოუვიდა ეს ავტომატურად ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და ქართველების უსამშობლოდ დატოვებას. რა თქმა უნდა, მას ეს არ უნდა გამოუვიდეს, როგორც არ გამოუვიდა ეკლესიის ხელში ჩაგდება. ეკლესიამ უარი უთხრა იმიტომ, რომ ეკლესია მიხვდა, რაზე იყო საუბარი და გამოვიდა მიტინგზე, სადაც ჩაწერილი ტაში იყო, სადაც ფოტოშოპით გაამრავლეს ხალხის რაოდენობა, ნამდვილი ცირკი, სულ კრეტინებზე და იდიოტებზე გათვლილი და იქ გამოაცხადა, რამხელა გამარჯვებას მივაღწიეთო და ყველაფერზე შევთანხმდით ეკლესიასთანო. ივანიშვილის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მას ჩვენი ხალხი ჰგონია სრული იდიოტი და სულელი, ჰგონია, რომ ყველა იყიდება, ზოგიერთი არასამთავრობოს დირექტორივით. სინამდვილეში, ჩვენი ხალხი ახლა, არის ძალიან გონიერი, მებრძოლი და ჩვენი აბსოლუტური უმრავლესობა არ ყიდის სამშობლოს და საკუთარ ღირსებას.

ივანიშვილი ცდილობს ჯოჯოხეთური სოციალური, გენეტიკური ექსპერიმენტი საქართველოში და გამოუცვალოს ჩვენ ერს გენეტიკური კოდი. დავით აღმაშენებლის ქვეყანაში ჭორვილური დიქტატურა არ გავა. დავით აღმაშენებლის ქვეყანაში ჭორვილელი, ხალხო, ამაზე მეტი დამცირება რა არის?! ჭორვილელი უწიგნური ამკვიდრებს თავის დიქტატურას. ეს არის ზუსტად იგივე, რაც ხდებოდა 90 წლებში რუსეთში, როდესაც საბანკო მაფიამ დიქტატორი პუტინი მოიყვანა ხელისუფლებაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მოსახლეობისთვის საკრედიტო ტვირთის შემცირებაზე იზრუნებენ, პენსიონერებს საპენსიო სესხებს ჩამოაწერენ.

„ყველა სკოლაში უფასო კვება იქნება. ყველა სტუდენტს ექნება საშუალება სახელმწიფო სუბსიდიით ბინის ქირაობის, ავაშენებთ უამრავ უფასო საერთო საცხოვრებელს.

მევენახეებს პრაქტიკულად კლავენ. ისინი ვერ იღებენ ელემენტარულ კაპიკებს თუ არ დაესეტყვათ ვენახი, თანაც იმ ფონზე, როცა იძახიან, რომ ეკონომიკა იზრდება მინიმუმ 3.5 ლარი უნდა ღირდეს საფერავი, 2-2.5 ლარი უნდა იყოს რქაწითელი, ეს ფასები 12 წლის წინ გვექნებოდა. გავიდა ჩვენი ცხოვრება, გადაშენდა მთელი ერი.

ივანიშვილის ძალიან მზაკვრული გეგმები აქვს, ბოლო მისი მოძრაობები მიმართულია იმაზე, რომ თუ გაუვიდა და ხელისუფლებაში დარჩება, ჩვენი ჯარი გააგზავნოს რუსეთის გვერდზე საბრძოლველად უკრაინის წინააღმდეგ. ისინი პირდაპირ უბედურებისკენ, არეულობისკენ და ომისკენ გვექაჩებიან. პუტინი მორჩილებას, ჩემს ან სხვა პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნას კი არა, არამედ არამედ შეიარაღებული ძალებით დახმარებას ითხოვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმითვე, ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ქვეყანაში კორუფციაც არსებობს და გამოსავალს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ევროკომისიის მიერ წარდგენილი პირის დანიშვნაში ხედავს.

„ჩვენი ამოცანა არის დიდი და მნიშვნელოვანი, ერთიანობით შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა. მინდა მივმართო მათ, რომლებიც ჩვენთან ერთად ებრძოდნენ კორუფციას, კრიმინალს, ხომ გახსოვთ, როგორ სწრაფად ვაკეთებდით ყველაფერს, როგორი „დრაივი“ იყო, როგორი ავტორიტეტი ჰქონდა საქართველოს.

ისინი წარსულში გვაბრუნებენ, მე არ გაბრუნებთ იმ 9 წელიწადში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ის 9 წელი ძალიან საამაყო იყო, ახლა სხვა გამოწვევებია. ახლა კი ვართ ქვეყანაში სადაც ტაშს ხელოვნურად უკრავენ, მთავარი ნიუსი – მორიგი სასამართლო პროცესი, ვინმეს დაჭერა, ვიღაცის მოკვლა, ნარკოტიკით დაღუპვა.

თავი არ უნდა დავუხაროთ ჩვენი განადგურების ამ მცდელობას, როგორც მე არ დავუხარე თავი იმას, რომ ციხეში მომწამლეს, მაწამებდნენ, იატაკზე მათრევდნენ, ხომ გახსოვთ? ეს სპეციალურად გააკეთეს, რომ ჩემი ძალიან ბევრი მომხრისთვის ეთქვათ, რომ – „თქვენ პერსპექტივა არ გაქვთ, ნახეთ თქვენს ლიდერს რას ვუშვრები“, მაგრამ მე არ გავბოროტებულვარ და გავმწარებულვარ, რადგან უზომოდ მიყვარს ჩემი ხალხი და ისინიც, რომლებიც ჩემს მიმართ ცუდად არიან განწყობილნი.

ჩვენ ევროკომისიის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს დავანიშვნინებთ, ჩავაბარებთ ამ სამსახურის ხელმძღვანელობას, რომ აღარავინ, აღარასდროს აღარ გამოიყენოს ეს სამსახური პოლიტიკური მიზნებისთვის. კორუფცია უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.