ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას აპირებს

ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება.

რუსეთის დელეგაცია თეირანში

Bloomberg ამ ინფორმაციას ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთანავე, მიწოდებული რაკეტების რაოდენობა მათთვის უცნობია.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან თეირანმა რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი გადასცა. ასევე რუსეთს ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის და ჩინეთიდან ელექტრონული კომპონენტების შეძენის გაგრძელების იმედი აქვს.

ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შემდეგ დასავლეთი ირანს, სავარაუდოდ, დამატებით სანქციებს დაუწესებს, თუმც მათი ეფექტიანობის ხარისხის შეფასება რთულია. ამჟამად მოკავშირეები Iran Air-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ.

სააგენტო Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეირანი რუსეთისთვის Fath360-ის ტიპის ასობით ბალისტიკური რაკეტის მიწოდებას გეგმავს. ათობით რუსმა სამხედრომ ირანში ამ რაკეტების გამოყენების სპეციალური კურსები გაიარა. დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო წერს, რომ Fath-360-ის ფრენის მანძილი 120 კმ-ია და მისი საბრძოლო მუხტის წონა 150 კგ-ია.