POLITICO: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრმა მონღოლეთმა ვლადიმირ პუტინი არ დააკავა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრმა მონღოლეთმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ დააკავა, – წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.

პუტინი მონღოლეთში

დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება. 3 სექტემბერს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის მონღოლეთის ლიდერთან.

როგორც გამოცემა POLITICO აღნიშნავს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მონღოლეთმა – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრმა – უნდა იმოქმედოს სასამართლოს ორდერის შესაბამისად.

ჯერჯერობით არ არსებობს იმის მინიშნება, რომ მონღოლეთი პუტინის დაკავებას გეგმავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას მონღოლეთის ხელისუფლებას მოუწოდა, შეასრულოს დაკავების სავალდებულო საერთაშორისო ორდერი და პუტინი გადაიყვანოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მონღოლეთში ვიზიტის ყველა ასპექტი საგულდაგულოდ იყო მომზადებული.

„არა, არანაირი შეშფოთება არ გვაქვს, ჩვენ შესანიშნავი დიალოგი გვაქვს ჩვენს მეგობრებთან მონღოლეთიდან“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ბავშვების დეპორტაციაში. მექსიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს.