რუსეთმა 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთს ფინანსური დახმარება შეუწყვიტა – შამბა

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 2024 წლის პირველი სექტემბრიდან დაფინანსება შეუწყვიტა. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა

მისი თქმით, მოსკოვი სოხუმისგან გარკვეული პირობების შესრულებას მოითხოვს. შამბა ამბობს, რომ მოსკოვში ადრეც განუცხადებიათ, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობას შეიძლება გარკვეული სანქციები მოჰყვეს. რა ვალდებულებების შეუსრულებლობაზეა საუბარი, შამბამ არ დააკონკრეტა.

„1-ლი სექტემბრიდან უკვე შეჩერებულია სოციალური დაფინანსება, რომელიც ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან უწყებებს და ა.შ. ეხება. ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ასევე საუბარია იმაზე, რომ ელექტროენერგიის საფასური, რომელსაც ჩვენ ზამთარში ვიღებთ, კომერციული ფასით უნდა დაიფაროს“, – განაცხადა შამბამ პრესკონფერენციაზე.

შამბამ ასევე კომენტარი გააკეთა ზოგიერთი აფხაზი დეპუტატისთვის და ოპოზიციონერისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე და განაცხადა, რომ დღევანდელ მსოფლიოში „მოქალაქეობის ჩამორთმევის სანქციის გამოყენება ძალზე ხშირად ხდება“.