“ქ. ოცნება” კახეთში არჩევნების წინ ცეცხლს ეთამაშება; მიეცით გლეხებს მათი კუთვნილი ფული!

ძალზე შემაშფოთებელია კახეთში მიმდინარე პროცესები – მევენახეები სამართალს ითხოვენ. მათ ნაშრომ-ნაჯაფ ყურძენს ქორვაჭარი კომპანიები 1 – 1,20 ლარამდე/კილოგრამზე იბარებენ, რაც ოდნავ მეტია, ვიდრე 2012 წლის ფასები.

ეს, ფაქტობრივად, ხალხის მოტყუებას ნიშნავს. სახელმწიფო სუბსიდირება არ არის საკმარისი, არადა, აუცილებელია. თუკი მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს ხალხზე უნდა აისახოს. როგორც მინიმუმ, კახეთის მევენახე გლეხებზე მაინც, ვინაიდან ამ ეკონომიკურ ზრდას ერთი მიზეზი აქვს – რუსეთთან ვაჭრობის და ბიზნეს-კავშირების (როგორც პირდაპირი, ისე “ჩრდილოვანი” სქემებით) ნახტომისებრი ზრდა ბოლო წლების მანძილზე!

კახეთის მთავარ ნობათს – ყურძენს, რომლისგანაც დამზადებული ღვინის უდიდესი ნაწილი რუსეთში გადის და კარგ ფასად იყიდება (მიუხედავად ბოლო დროს გაზრდილი რუსული ღვინის კონკურენციისა), არ უნდა ედოს ჩალის ფასი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თბილისის ბაზრებზე იგივე ყურძენი, დესერტად, ბევრად უფრო ძვირია. ამიტომაც ჩნდება ვარაუდი, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას, რამდენიმე ფავორიზებულ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის.

ამ ყველაფრით სარგებლობენ ნაც-დემაგოგები და ისინი, შექმნილ ვითარებაში, ხელისუფლებასთან ერთად, ბრალს რუსეთს, რუსულ ბაზარს სდებენ. ისინი იძახიან: აი, რუსეთის ბაზარი რომ “არასტაბილური” და “არასანდოა”, იმიტომაც ხდება ასეო. თვითგამოცხადებული “ექსპერტები” გვიკიჟინებენ, რომ რუსეთზე ღვინის გასაღების ორიენტაცია არასწორია და ეს ქვეყანას ლამის ღუპავს.

ამ დროს, არაფერს ამბობენ იმაზე, რომ 2013 წლამდე, სანამ ქართული ღვინისთვის რუსული ბაზარი გაიხსნებოდა, მეღვინე-მევენახეები და მთლიანად გლეხობა, კატასტროფის პირს იდგნენ. ქართულ ღვინოს ვერ უშველა ვერც ევროპა-ამერიკამ, ვერც ჩინეთმა. და ეს მუდამ ასე იქნება. მაშინ ავკაფოთ ვენახები, უარი ვთქვათ ჩვენი სოფლის მეურნეობაზე და ბენდუქიძის “ანდერძი” შევასრულოთ – ვაშლი არგენტინიდან შემოვიტანოთ, ატამი – საბერძნეთიდან, ღვინო – კიდევ სხვა ქვეყნებიდან.

ამიტომ, “ოცნების” ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაამყაროს წესრიგი: აღმოფხვრას კორუფცია და გააჩუმოს ყველა, ვინც ახლა გაჰკივის, რომ დამნაშავე რუსული ბაზარია. ამ ბაზრის გარეშე ვერ იარსებებს ვერც მევენახეობა და ვერც კიდევ ბევრი სხვა დარგი საქართველოს სოფლის მეურნეობისა.

მიეცით გლეხებს შესაბამისი ანაზღაურება, დაუფასეთ შრომა, თორემ იმაზე უარეს შედეგებს მიიღებთ 26 ოქტომბერს, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია!

 

გულბაათ რცხილაძე