კურსკის ოპერაციამ ბრძოლის ველზე სიტუაცია ვერ შეცვალა – The Telegraph

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია რუსეთის კურსკის ოლქში უკვე 1 თვე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა 1300 კვადრატულ კილომეტრამდე დაიკავეს და ქალაქი სუჯა აიღეს. ამ ქალაქში რუსეთის გაზსადენის სადგური მდებარეობს, რომლითაც ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდება. გარდა ამისა, უკრაინამ კურსკის ოლქის დაკავებულ რეგიონებში სამხედრო ადმინისტრაციები შექმნა. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

უკრაინელი სამხედროები

გამოცემის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ამით დიდ წარმატებას მიაღწიეს. მათ ცუდად მომზადებული რუსული ძალები დაუპირისპირდნენ და ამან რუსეთის სისუსტეები გამოავლინა. უკრაინის ძალები დაკავებული ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, რაც ამ მიმართულებაზე ფრონტის გაყინვას გამოიწვევდა.

The Telegraph-ის ცნობით, მორალური თვალსაზრისით კიევს ეს გამბიტი გამოუვიდა, მაგრამ იმავეს თქმა შეუძლებელია სამხედრო თვალსაზრისით.

„კურსკის ოპერაციამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა. ამ ოპერაციამ უკრაინელი სამხედროები საკუთური მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის გარშემო გააერთიანა. სირსკის მთავარსარდლად დანიშვნის შემდეგ დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია. ახლა კი მან დაამტკიცა, რომ ვალერი ზალუჟნის ღირსეული მემკვიდრეა და რომ ზელენსკი ამ მხრივ არ შეცდა, როდესაც სირსკის მთავარსარდლის თანამდებობაზე ნიშნავდა“, – წერს The Telegraph.

ამასთანავე, უკრაინის ძალების მორალური სულისკვეთების ამაღლებამ დონეცკის ფრონტზე მდგომარეობა უკრაინელთა სასარგებლოდ არ გააუმჯობესა. რუსეთმა აიღო დასახლება ნიუ-იორკი და მეჟევოე, ხოლო ახლა უკრაინელებმა შესაძლოა, კიდევ ერთი დასახლება, ქალაქი პოკროვსკიც დაკარგონ. უკრაინელებმა კი საკუთარ ტერიტორიაზე მხოლოდ ხარკოვის ოლქში 2 კმ-ით წინ წაიწიეს და ამ მხრივ სამხედრო წარმატებებით ვერ იტრაბახებენ.

რუსეთი დონეცკის ოლქიდან მნიშვნელოვანი ძალების გადასროლას კურსკის ოლქში არ აპირებს. პროპაგანდისტები კვლავ კიევის საბოლოო განადგურების პირობას დებენ, რამაც კურკის ოლქის ტერიტორიის ნაწილის დაკარგვის მიუხედავად, რუსეთის საზოგადოების უმეტესობა დაამშვიდა.

„საკმაოდ მძიმე წლის შემდეგ, როდესაც უკრაინას ბევრი სამხედრო წარუმატებლობა ჰქონდა, კურსკის ოპერაციამ საბრძოლო სულისკვეთება აამაღლა, მაგრამ შესამჩნევი სამხედრო წარმატება ამას არ გამოუწვევია“, – წერს The Telegraph.