“რუსეთს არასოდეს დაუშვია შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში ჩარევა და არ აპირებს ამის გაკეთებას, მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს რუსეთის საინფორმაციო სტრუქტურების მიმართ”

რუსეთს არასოდეს დაუშვია შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში ჩარევა და არ აპირებს ამის გაკეთებას, მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს რუსეთის საინფორმაციო სტრუქტურების მიმართ, – ასე ეხმაურება აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი აშშ-ის მიერ ტელეარხ RT-ის ხელმძღვანელობისთვის სანქციების დაწესებას.

ანატოლი ანტონოვი - რუსეთი აშშ-ის საშინაო საქმეებში არასდროს ჩარეულა

„ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, როგორიც არ უნდა იყოს ის. არასდროს ჩავრეულვართ შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში და არ ვაპირებთ ამის გაკეთებას მომავალში. კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთის საინფორმაციო სტრუქტურების მიმართ ცრუ ბრალდებებს და მოვითხოვთ ამერიკაში ჩვენი ჟურნალისტების მუშაობაზე დაწესებული ადმინისტრაციული შეზღუდვების გაუქმებას“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა რუსული პროპაგანდისტული ტელეარხის, RT-ის ხელმძღვანელობა და რუსული ჰაკერული ჯგუფი RaHDit-ი 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის დაასანქცირა.