ზელენსკიმ განაცხადა, რომ დმიტრო კულებას იარაღის მიწოდების ხელშეწყობისთვის საკმარისი ენერგია არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ სხდომაზე კომენტარი გააკეთა მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებზე, – ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

მედია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დმიტრო კულებას იარაღის მიწოდების ხელშეწყობისთვის საკმარისი ენერგია არ აქვს

წყაროს განცხადებით, ზელენსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „იარაღის მიწოდების ხელშეწყობისთვის საკმარისი ენერგია არ აქვს“.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კმაყოფილია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას მუშაობით და ამიტომ მას მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს.

შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის იყო ახალი სამინისტროს შექმნა, რომელიც ქვეყნიდან წასული უკრაინელების დაბრუნების საკითხზე იმუშავებს. წყაროს ცნობით, აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელი, ჯერჯერობით, შერჩეული არ არის.

შეგახსენებთ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები წარადგინეს ორმა ვიცე-პრემიერმა და ოთხმა მინისტრმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი არ დაუჭირა ირინა ვერეშჩუკის განცხადებას ვიცე პრემიერ-მინისტრის, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, რადამ მხარი დაუჭირა ოლგა სტეფანიშინას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გადაყენებას, ალექსანდრე კამიშინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას და ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლა იუსტიციის მინისტრი, დენის მალიუსკა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, რუსლან სტრელესი. უკრაინის პარლამენტს დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხისთვის, ჯერჯერობით, კენჭი არ უყრია.