აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა უნდა შეწყვიტოს საუბარი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ხუთშაბათს, პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოსკოვის ფავორიტი მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იყო, რომელმაც საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის შემდეგ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ კამალა ჰარისისთვის.
„ჩვენც იგივეს გავაკეთებთ, მხარს დავუჭერთ მას“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
„პუტინმა უნდა შეწყვიტოს ჩვენს არჩევნებზე საუბარი. წერტილი. მან არავის უნდა მიანიჭოს უპირატესობა, ასე თუ ისე. ერთადერთი, ვინც უნდა განსაზღვროს, ვინ იქნება შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი, არის ამერიკელი ხალხი. და ჩვენ ძალიან მადლობელნი ვიქნებით, თუ პუტინი შეწყვეტს საუბარს ჩვენს არჩევნებზე და აღარ ჩაერევა საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.