კრემლის ლიდერის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დღის წესრიგში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეები დღის წესრიგში არ არის, რადგან მისთვის მთავარია რუსეთის მოქალაქეებზე ზრუნვა. ასე უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, რომლის თანახმადაც კრემლი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს უჭერს მხარს.
„მოდერატორმა პუტინს დაუსვა კითხვა, პუტინმა უპასუხა ამ კითხვას, რა თქმა უნდა, ამერიკის საქმეები არ შეიძლება და არ არის პრეზიდენტის დღის წესრიგის სათავეში, მისთვის ხომ მთავარია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა“, – აცხადებს პესკოვი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 5 სექტემბერს აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს კამალა ჰარისს უჭერს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.