დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი, რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო, ირანისთვის სანქციების დაწესებას აპირებენ

დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება დაგმეს.

სამი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანული ბალისტიკური რაკეტების ექსპორტს აფასებენ, როგორც „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაპყრობით ომში ირანის სამხედრო მხარდაჭერის შემდგომ ესკალაციას“.

„ეს აქტი არის ესკალაცია როგორც ირანის, ასევე რუსეთის მხრიდან და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას“, – აღნიშნეს მინისტრებმა.

დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა დაამატეს, რომ საპასუხოდ ისინი მიიღებენ დაუყოვნებლივ ზომებს, „ირანთან საჰაერო მიმოსვლის ორმხრივი შეთანხმებების გაუქმების მიზნით“ და ასევე დააწესებენ სანქციებს იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაში და მათ გადაცემაში.

„ჩვენ ასევე ვიმუშავებთ სანქციების შემოღებაზე ირანული ავიაკომპანია Iran Air-ის წინააღმდეგ“, – დასძინეს მინისტრებმა.

მანამდე ევროკავშირმა მოკავშირეების ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად ბალისტიკური რაკეტები გადასცა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ასევე დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად ბალისტიკური რაკეტები გადასცა, რითაც თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გარდაუვალი გახდა.