ღაზაში აცხადებენ, რომ ჰუმანიტარულ ზონაზე ისრაელის თავდასხმას 40 პალესტინელი ემსხვერპლა

სამხრეთ ღაზაში, ქალაქ ხან-იუნისში, ალ-მავასის ტერიტორიაზე, იძულებით გადაადგილებული პალესტინელების კარვების ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა, 65 კი დაშავდა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საჰაერო იერიში

ადგილობრივები და მედიკოსები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარულ ზონაზე იერიში მინიმუმ 4 რაკეტით განხორციელდა.

მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ბევრად მეტი ადამიანია. მსხვერპლთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ მათი სამიზნე იყო „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი.

„ორმოცი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა, ბევრი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშაა“ – განუცხადა BBC-ს „ჰამასის“ სამოქალაქო თავდაცვის ორგანოს ოპერაციულმა დირექტორმა.

თვითმხილველებმა BBC-ს განუცხადეს, რომ დიდი აფეთქებები მოხდა ალ-მავასის რაიონში შუაღამის შემდეგ. გადაუმოწმებელ ვიდეოებში, რომლებიც გავრცელდა ჩანს მოქალაქეები როგორ თხრიან მიწას ხელებით, რათა ადამიანები ამოიყვანონ.

„დარტყმის დაწყებამდე მრავალი ნაბიჯი გადაიდგა მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების რისკის შესამცირებლად, მათ შორის ზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენება, საჰაერო მეთვალყურეობა და დამატებითი საშუალებები“, – განაცხადა IDF-ის სპიკერმა.