შმიგალი: უკრაინა არაუგვიანეს 2025 წლის ბოლოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად უნდა იყოს

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, უკრაინის მიზანია, ევროკავშირში გასაწევრიანებლად არაუგვიანეს 2025 წლის ბოლოს იყოს მზად. ამის შესახებ შმიგალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება European Pravda.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკრაინას ევროინტეგრაციის სფეროში „ამბიციური მიზანი“ აქვს.

„ჩვენ გვინდა, ევროკავშირში გასაწევრიანებლად არაუგვიანეს 2025 წლის ბოლოს ვიყოთ მზად. მაგრამ, ზოგადად, სტრატეგიული თვალსაზრისით, გვესმის, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება სამართლიანი სამყაროს განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ეს, ფაქტობრივად, ჩვენი სტრატეგიული მიზანია“, – განაცხადა შმიგალმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამას წინ უნდა უძღოდეს „ტიტანური მუშაობა“.

„ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ ჩვენი კანონმდებლობა, ყველა ჩვენი კანონქვემდებარე აქტი – ეს არის ათობით ათასი დოკუმენტი – ევროკავშირის დირექტივებისა და წესების შესაბამისად. ამაში მდგომარეობს ტექნიკური სამუშაოების დიდი მოცულობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.