ჩინეთი არ გეგმავს პოზიციის შეცვლას უკრაინის ომთან დაკავშირებით და გააგრძელებს მსოფლიოს დარწმუნებას მისი „სამშვიდობო გეგმის“ მიზანშეწონილობაში. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ პეტერბურგში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.
ვანგ იის თქმით, პეკინი გააგრძელებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე საკუთარი ხედვის პოპულარიზაციას და შეეცდება, დაარწმუნოს მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა, კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარების შესახებ მის წინადადებას მხარი დაუჭირონ.
„ჩინეთი გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან „უკრაინის კრიზისზე“ დაბალანსებული, ობიექტური და რაციონალური ხედვის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რათა მიაღწიოს საერთაშორისო კონსენსუსს და შექმნას აუცილებელი პირობები საომარი მოქმედებების სწრაფი შეწყვეტისთვის“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, უკრაინის საკითხზე ჩინეთი ობიექტურ და სამართლიან პოზიციას იკავებს და „კრიზისის“ პოლიტიკური მოგვარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
თავის მხრივ, შოიგუმ გაიმეორა რუსეთის პოზიცია ომთან დაკავშირებით, მიესალმა ჩინეთისა და ბრაზილიის მიერ შემოთავაზებულ „ექვსპუნქტიან კონსენსუსს“ და კმაყოფილება გამოთქვა, „საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ კონსენსუსის ფართო აღიარების გამო“.
ჩინეთისა და ბრაზილიის სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის
მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩინეთი და ბრაზილია შეთანხმდნენ უკრაინის ომის მოგვარების ექვსპუნქტიან გეგმაზე. ქვეყნები მხარეებს სთავაზობენ საომარი მოქმედებების შეწყვეტას და აღიარებენ, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები ერთადერთი გამოსავალია. ისინი ასევე მხარს უჭერენ ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და სამხედრო ტყვეთა გაცვლას.
გეგმის მიხედვით, აუცილებელია ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე, ენერგეტიკის, ფინანსების, ვაჭრობის სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერა.
მოგვიანებით, ჩინეთმა განაცხადა, რომ მისი და ბრაზილიის „სამშვიდობო გეგმას“ 110-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.