გაეროს განცხადებით, ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად გაეროს 6 თანამშრომელი დაიღუპა

გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო (Unrwa) აცხადებს, რომ ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გაეროს 6 თანამშრომელი დაიღუპა.

საჰაერო იერიში ღაზაზე

„ჰამასის“ მიერ მართულმა სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად   სულ 18 ადამიანი დაიღუპა.

„დაღუპულთა შორის არიან UNRWA-ს თავშესაფრის მენეჯერი და გუნდის სხვა წევრები, რომლებიც დახმარებას უწევდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ განახორციელეს ზუსტი დარტყმა მებრძოლებზე, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და იქიდან გეგმავდნენ თავდასხმებს. მათ ასევე თქვეს, რომ მიიღეს ზომები სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად.

გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორგანიზაცია გმობს „ყველა საჰაერო თავდასხმას, რომელიც მიმართულია სამოქალაქო მოსახლეობისა და გაეროს ობიექტების წინააღმდეგ“.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო თავდასხმა და განაცხადა: „რაც ხდება ღაზაში სრულიად მიუღებელია“.