ვის ემუქრება მაიკლ კარპენტერი?! “საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს – ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა”

საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს – ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მაიკლ კარპენტერი - საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს - ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა

მისი თქმით, შეშფოთების საგანია ასევე „ქართული ოცნებისგან“ მომავალი განცხადებებიც.

„საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია. ამ ტრაექტორიას უკვე საკმაო ხანია ვხედავთ და “უცხოეთის აგენტების კანონი” ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

გულწრფელად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისგან მომავალი განცხადებებიც შეშფოთების საგანია. ასე რომ ჩვენ მოქმედება დავიწყეთ. შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება, რომელსაც ჩვეულებრივ ვუწევთ ხოლმე საქართველოს მთავრობას; გავატარეთ შეზღუდვის პოლიტიკა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების, სამართალდამცავების, კერძო მოქალაქეების, პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც თანამონაწილენი არიან იმ ქმედებებისა, რომლებიც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა.

იმის თქმა, რომ ეს [მოვლენები] შემაშფოთებელია, საკმარისი არაა. საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს,“ – აღნიშნა მან.

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა შემაკავებელ ზომებს, კარპენტერი პასუხობს, რომ ამერიკული მხარე შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, როდესაც ეს აუცილებელი იქნება.

„სანქციების შესახებ წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ვეცდებით ადამიანებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას კორუფციისთვის, ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისთვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის.

ჩვენ გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები, რათა შესაბამისად მოვიქცეთ, როგორც საქართველოს კონტექსტში, ისე გლობალურადაც. გავაგრძელებთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, როდესაც ეს აუცილებელი იქნება,“ – განაცხადა კარპენტერმა.