ჯეი დი ვენსმა უკრაინაში ომის დასრულების გეგმა გაამხილა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, დონალდ ტრამპის მეწყვილემ ჯეი დი ვენსმა გადაცემაში „შონ რაიანის შოუ“ თქვა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უკრაინაში დემილიტარიზებულ ზონას შექმნიან და ქვეყანას ნატოში შესვლაზე უარს ათქმევინებენ.

ჯეი დი ვენსი

„მე ვფიქრობ, ეს შემდეგნაირად გამოიყურება: ტრამპი ჯდება და ეუბნება რუსებს, უკრაინელებს და ევროპელებს: „ბიჭებო, უნდა გაარკვიოთ: როგორ გამოიყურება [კონფლიქტის] მშვიდობიანი მოგვარება? და სავარაუდოდ ის გამოიყურება, როგორც დღევანდელი გამყოფი ხაზი რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც დემილიტარიზებულ ზონად იქცევა“, – თქვა ვენსმა.

მან დასძინა, რომ დემილიტარიზებული ზონა ისე იქნება გაწერილი საბოლოო დოკუმენტში, რომ რუსები უკრაინაში აღარ შეიჭრებიან. ვენსის თქმით, უკრაინა სამშვიდობო გეგმის ფარგლებში დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტის ხარჯზე. ანუ, უკრაინა არ შევა ნატოში ან სხვა გაერთიანებებში.

ვენსმა არ დააკონკრეტა, თუ ვინ გააკონტროლებს დემილიტარიზებულ ზონას, თუმცა თქვა, რომ დღევანდელი გამყოფი ხაზი შენარჩუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ვერ დაიბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლის ოკუპაცია რუსეთმა მოახდინა.

ინტერვიუს დროს ვენსმა აგრეთვე თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში არ უნდა შეჭრილიყო, თუმცა უკრაინელებსაც მრავალი პრობლემა აქვთ, რომელიც კორუფციას უკავშირდება. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა შეცდომა და ზღაპარი უწოდა იმ აზრს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაა, ხოლო შეერთებული შტატების მიერ უკრაინის დახმარება ჩვენი დროის ყველაზე დიდებული ჰუმანიტარული მისიაა.