„სახიფათო თამაში“ – რუსეთი აცხადებს, რომ ნატოს სურს, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა პეკინის სამხედრო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატო, სავარაუდოდ, უკრაინაში ჯარების გაგზავნას გეგმავს. მისივე თქმით,  რუსები დარწმუნებულები არიან, რომ შეერთებული შტატები უსაფრთხოების ახალი ბლოკების შექმნით „აზიაში ომისთვის ემზადება“. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რუსეთი აცხადებს, რომ ნატოს უკრაინაში ჯარების გაგზავნა სურს

„რუსეთი და ჩინეთი მხარს უჭერენ სამართლიანი, მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის შექმნას, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე. იმისათვის, რომ შეიქმნას პირობები, რათა აიძულონ რუსეთი, კიევის ფორმულების მიხედვით მოლაპარაკებას დათანხმდეს, ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების გაგზავნას გეგმავენ. ეს არის სახიფათო თამაში, რომელსაც შეუძლია, პირდაპირ ბირთვულ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს“, – განაცხადა ფომინმა.

ნატომ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებს.

ამავდროულად, ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა დონგ ჯუნმა ფორუმზე განაცხადა, რომ ჩინეთი გააძლიერებს სამხედრო კავშირებს თავის მეზობლებთან, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებთან.

„დიდმა ქვეყნებმა უნდა იკისრონ ლიდერობა გლობალური უსაფრთხოების დაცვაში, უარი თქვან ნულოვანი ჯამის პრინციპზე და თავი უნდა შეიკავონ პატარა და სუსტი ქვეყნების ჩაგვრისგან”, – განაცხადა დონგმა და ფარულად გააკრიტიკა შეერთებული შტატები.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს, არ აქვს მნიშვნელობა დიდი იქნება თუ პატარა, განვითარებული თუ განვითარებადი, უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო საქმეებში და გამოხატონ თავიანთი საჭიროებები, ასევე, დაიცვან თავიანთი ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები. მისივე თქმით, რეგიონული დაძაბულობების მოსაგვარებლად რეგიონის ქვეყნებმა ძალა ერთობაში უნდა მოძებნონ.