კანადის პრემიერი: უკრაინას უნდა მიეცეს უფლება, რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე დარტყმები განახორციელოს

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმის უფლება უნდა მიეცეს, მოსკოვის მუქარის მიუხედავად, რომ ეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთთან პირდაპირ ომში შეიყვანს. ამის შესახებ The Canadian Press-ი იუწყება.

ჯასტინ ტრუდო

კანადის პროვინცია კვებეკში, ქალაქ სენტ-ან-დე-ბელევში გამართულ პრესკონფერენციაზე, ტრუდომ თქვა, რომ კანადა „შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაში უკრაინას სრულიად უჭერს მხარს“, რაც ხელს შეუშლის რუსეთის დარტყმებს საავადმყოფოებსა და საბავშვო ბაღებზე.

„[პუტინი] ცდილობს, დესტაბილიზაცია მოახდინოს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში, რომელიც ყველას გვიცავს, არა მხოლოდ მსოფლიოს ყველა დემოკრატიაში, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში“, – დასძინა ტრუდომ.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში უნდა გაიმარჯვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სხვა დიდ ქვეყნებს წაახალისებს, რომ თავიანთი მეზობლების დაპყრობა სცადონ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ დასავლური რაკეტების რუსეთისკენ გასროლის დაშვება ნიშნავს ნატოსა და ევროპის ქვეყნების პირდაპირ მონაწილეობას უკრაინის ომში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პუტინის მუქარის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი სწორედ რუსეთის ლიდერმა დაიწყო და მისი დასრულება ნებისმიერ დროს შეუძლია.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ პუტინის მუქარა უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციას არ შეცვლის.