სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომში, მაგრამ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ვაშინგტონი არ აპირებს უშუალო მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში ან ქვეყანაში ჯარების გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ აშშ არ აპირებს ამ ომში მონაწილეობას. ჩვენ არ ვაპირებთ [უკრაინაში] ჯარების გაგზავნას“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მეთიუ მილერის თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და იარაღის გაგზავნას.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ასევე გააკეთა კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე, რომ ის განიხილავს დასავლეთს კონფლიქტში უშუალოდ ჩართულად, თუ უკრაინა რუსეთის მიმართულებით დასავლეთის წარმოების შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გაუშვებს.

„თუ პუტინს არ სურს ისაუბროს იმაზე, თუ რა შესაძლებლობები შეგვიძლია მივცეთ უკრაინას, მაშინ ამ საუბრის დასრულება ძალიან ადვილია – ამისათვის მან უნდა დაასრულოს ეს უკანონო ომი“, – დასძინა მან.