ვიქტორ ორბანი: ცხადია, რომ პრეზიდენტ ტრამპის სიცოცხლე მის გამარჯვებამდე საფრთხეშია

ვიქტორ ორბანი დონად ტრამპზე თავდასხმის მცდელობას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

ვიქტორ ორბანი და დონალდ ტრამპი

„ცხადია, რომ პრეზიდენტ ტრამპის სიცოცხლე მის გამარჯვებამდე საფრთხეშია. ვლოცულობთ თქვენთვის, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ორბანი.

სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა. პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.

ბუჩქებში სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის ავტომატური იარაღი, ორი ზურგჩანთა და ვიდეოკამერა იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 58 წლის რაიან უესლი რაუტი.