„ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სოხუმიდან და ცხინვალიდან უკვე გამოეხმაურნენ. აფხაზური მხარე შესაძლო ბოდიშს მიესალმება და ამბობს, რომ „ეს შეიძლება კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”. ცხინვალში კი მიიჩნევენ, რომ ბოდიშის მოხდისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გარდა, საქართველომ მათ გუდაური და თრუსოს ხეობა უნდა გადასცეს.
როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან” ამბობს, ივანიშვილის განცხადებამ ცხინვალსა და სოხუმში გაამძაფრა შიში, რომ, შესაძლოა, ხდება რუსეთისა და საქართველოს დაახლოება, რის შედეგადაც რუსეთი აფხაზეთსა და ცხილვალის რეგიონს საქართველოს დაუბრუნებს.
„ამ განცხადებამ ცხინვალსა და სოხუმში გაჩენილი შიში უფრო გაამძაფრა, რომ თითქოს რუსეთი და საქართველო ერთმანეთს უახლოვდებიან და ჩვენ ახლა იგივე ბედი გვეწევა, რაც ყარაბაღის შემთხვევაში მოხდაო. ასე ფიქრობს ძალიან ბევრი და ეს სოციალურ ქსელებშიც იგრძნობა, განსაკუთრებით აფხაზურ სეგმენტში”, – აღნიშნა არეშიძემ.
საუბარია, 14 სექტემბრის, წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის გორში გამოსვლაზე, სადაც მან განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.
გამოხმაურება სოხუმიდან და ცხინვალიდან
ედუარდ კოკოითი, რომელიც აგვისტოს ომის დროს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი იყო, ამბობს, რომ ეს ივანიშვილის მხრიდან „გაბედული განცხადებაა”, თუმცა ივანიშვილის გულწრფელობაში დარწმუნებული არაა.
„თვითონ ივანიშვილის განცხადების შინაარსში ახალი არაფერი არაა. 2008 წლიდან ვაცხადებ, რომ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები საერთაშორისო დამნაშავეები არიან. ისინი აუცილებლად უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ. ყველაფრის სულელ სააკაშვილსა და აშშ-ზე გადაბრალების მცდელობა ძალიან წარუმატებელი და არაშორსმჭვრეტელია. პასუხისმგებელია მთელი საქართველო, რომელმაც დათმო თავისი დამოუკიდებლობა და აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტი გახდა”, – დაწერა „ტელეგრამზე” კოკოითმა.
კიკოითი მიიჩნევს, რომ საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი უნდა აღიაროს და მას გარკვეული ტერიტორიები დაუბრუნოს.
„თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობითაა გამსჭვალული, მაშინ, პირველ რიგში, საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ ხელშეკრულებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდობასა და საომარი მოქმედებების არგანახლებას. ამავე დროს დააყენოს საქართველოს მიერ ოკუპირებული ოსური თრუსოს, გუდოსა (გუდაური) და სხვა ხეობების დაბრუნების საკითხი”, – წერს კოკოითი.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კი იმედს გამოთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის ზრახვებში გულწფელი იქნება და ხალხთან მიმართებაში სწორ სიტყვებს იპოვის.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება აფხაზეთის რესპუბლიკას პირდაპირ არ ეხება, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი განცხადება შერიგებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯებით გამყარების შემთხვევაში, წარსულის შეცდომების გადაფასებასა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”, – ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება აჩვენებს, რომ „საქართველოში შიდა გადაფასებისა და შეცდომების აღიარების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს, როგორც ეს ჩვენ ურთიერთობებში არაერთხელ მომხდარა”.
„შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 1956 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა აგვისტოს პლენუმზე, ი. სტალინისა და ლ. ბერიას მმართველობის დროს აფხაზეთის მიმართ საქართველოს ხელმძღვანელობის ქმედება დაგმო. 1978 წლის 27 ივნისს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის XI პლენუმზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: „პირდაპირ უნდა ითქვას, რომ წარსულში, ჩვენთვის ცნობილ პერიოდში, აფხაზი ხალხის მიმართ ტარდებოდა პოლიტიკა, რომელსაც პრაქტიკულად შოვინისტური უნდა ეწოდოს”. სამწუხაროდ, ამან ხელი არ შეუშალა ბატონ შევარდნაძეს, რომ 1992 წელს აფხაზეთში ომი დაეწყო”, – აღნიშნულია განცხადებაში.
რას ფიქრობენ აფხაზი და ოსი საზოგადოება
მამუკა არეშიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება საზოგადოებამ სხვადასხვა გვარად აღიქვა. მისივე აზრით, შეცდომების დაშვების შემთხვევაში ბოდიშის მოხდა შესაძლებელია.
„მე აბსოლუტურად თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოების თვალსაზრისით, ბოდიშები ერთმანეთისთვის დიდი ხანია მოხდილია, მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის ერთსა და მეორე მხარეზეც არის ჯგუფები, რომლებისთვისაც ეს ფორმა მიუღებელია, რადგან ამ კონფლიქტების დროს მათ განსაკუთრებით დიდი ტკივილი გადაიტანეს. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ხელოვნურადაც ხდებოდა ქართველებისგან მტრის ხატის შექმნა.
„პრინციპში, რეაქცია სხვადასხვაგვარია: „ოფიციალურ” დონეზე პოლიტიკანური, ხოლო ქვედა დონეზე – სხვადასხვანაირი, ანუ ზოგი ხმას არ იღებს და ამბობს, რომ პრინციპში ჩვენ ერთმანეთისთვის ბოდიში ისედაც მოხდილი გვაქვს, ან იძახიან, რომ მაგათი არაფერი გვინდა და ა.შ. მოკლედ, სხვადასხვანაირად იყო აღქმული და ვერ გეტყვით, რომ ცალსახა რეაქცია მოჰყვა.
„ეს ერთგვარი ჟესტია. მე, როგორც ჟურნალისტი, აქტიურად ვმონაწილეობდი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მოშორებაში. მას შემდეგ, წლების განმავლობაში, ამაზე ბოდიშს ვიხდი, რადგან ამ საქმეში ჩართვა უდიდესი შეცდომა იყო და საერთოდ არ მრცხვენია ამის თქმა. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ყველაფერში მართალი იყო, არამედ მაშინდელი გაჩენილი ურთიერთდაპირსპირება დღემდე ექოსავით ისმის და ჩვენი საზოგადოება უაღრესად დააზარალა.
„ბოდიში არის ორგვარი: ერთი დანაშაულის და მეორე შეცდომის გამო. შეცდომის გამო ბოდიში ნამდვილად გვაქვს მოსახდელი. ჩვენ არ უნდა დაგვეშვა ის შეცდომები, რომელიც დავუშვით და ვინც დანაშაულებები ჩაიდინა, იმას მაინც არ ეპატიება, არავითარი ბოდიში მათ არ უშველის, არც ოსურ მხარეს, არც აფხაზურს და ზოგიერთ შემთხვევაში არც ქართულ მხარეს. შეცდომებთან დაკავშირებით კი ბოდიშის მოხდა სულაც არაა უხერხული ან ზღვარგადასული. ყურადღება მისაქცევია, რომ შეცდომა სხვა არის და დანაშაული – სხვა.
„ერთხელ აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით ჩერქეზული საზოგადოების ერთმა უხუცესმა წევრმა მითხრა: „ქართველები კავკასიაში უფროსი ძმები ხართ და თქვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ”. ეს კავკასიელებისგან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. ის კაცი მარტო კი არა იყო, ჯგუფს ხელმძღვანელობდა და საერთო აზრი გამოხატა.
„მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ საზოგადოებასთან ბევრად მეტი ფუნქცია და ვალდებულება გვაქვს. ძალიან სერიოზული მისია გვაკისრია და თუ ამ მისიას გავაცნობიერებთ, მაშინ მივხვდებით, რომ შეცდომების დაშვების შემთხვევაში ბოდიშის მოხდა შესაძლებელია, შეცდომების და არა დანაშაულების”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან”.