აშშ-მა ალეუტის კუნძულებზე შეიარაღებული ძალები განათავსა

აშშ-მა წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ალეუტის არქიპელაგის ერთ-ერთ ყველაზე დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულ შემიაზე 130 სამხედრო განათავსა. ეს კუნძული ალასკის ქალაქ ანკორიჯიდან 2 000 კილომეტრში მდებარეობს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ამერიკული სარაკეტო სისტემა ალეუტის კუნძულებზე

დაჯგუფებას შეიარაღებაში HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემები ექნება. ეს გადაწყვეტილება პენტაგონმა წყნარი ოკეანის ამ ნაწილში რუსეთის მზარდი აქტივობის პარალელურად მიიღო.

ბოლო კვირაში 8 რუსული თვითმფრინავი და ოთხი ხომალდი, მათ შორის ორი წყალქვეშა ნავი, ალასკის სიახლოვეს იყო შემჩნეული. ეს გემები და თვითმფრინავები რუსეთ-ჩინეთის ერთობლივ წვრთნებში, „ოკეანე-2024“-ში მონაწილეობენ.

შემიას კუნძულზე სამხედრო აეროდრომი და რადარი მდებარეობს. ამ რადარით ამერიკელები რუსეთის სარაკეტო პოლიგონს აკვირდებიან, რომელიც კამჩატკაზე მდებარეობს.

ერთადერთი ამერიკული სამხედრო-საჰაერო ბაზა ალეუტის კუნძულებზე 1997 წელს დაიხურა. ახლა კი აშშ-ის პოლიტიკოსთა ნაწილი ალეუტის არქიპელაგზე აშშ-ის სამხედროთა განთავსებას მოითხოვს, რადგანაც ამ ადგილს, ისევე როგორც მთელ არქტიკულ რეგიონს, აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს შორის კონკურენციაში გადამწყვეტი როლი აქვს.