„აშშ-ში გვჯერა, რომ გვაქვს უფლება და ძალა, რათა მთელი მსოფლიო გადავაკეთოთ ამერიკის ხედვის შესაბამისად“ – ჯონ მერშაიმერი

ამერიკელი პოლიტოლოგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ მერშაიმერის აზრით, აშშ-ში ადამიანებს სჯერათ, რომ აქვთ უფლება და პასუხისმგებლობა, ასევე ძალა, რათა მთელი მსოფლიო გადააკეთონ ამერიკის ხედვის შესაბამისად.

„აშშ ფუნდამენტურად ლიბერალური სახელმწიფოა და ჩვენ გვჯერა, რომ გვაქვს უფლება და პასუხისმგებლობა, ასევე გვაქვს ძალა, რათა მთელი მსოფლიო გადავაკეთოთ ამერიკის ხედვის შესაბამისად. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ისტებლიშმენტს, როგორც „რესპუბლიკური“, ისე „დემოკრატიული“ პარტიიდან, სწორედ ამ მიდგომის სჯერა და შესაბამისად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დიდი ნაწილიც ამით არის მოტივირებული „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ“, – თქვა მან.

როგორც მერშაიმერი აღნიშნავს, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ აშშ-ს ძლიერი მეტოქე აღარ დარჩა.

„მას შემდეგ, რაც „ცივი ომი“ დასრულდა, ჩვენ დიდი ძალის მქონე მეტოქე აღარ დაგვრჩა. მაშ, რა უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ, ასეთი დიდი ძალის პატრონებს? გადავწყვიტეთ გავიდეთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დავიწყოთ ამერიკის იმიჯის დანერგვა“, – დასძინა პოლიტოლოგმა.

ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ ამერიკის მცდელობა დანერგოს ლიბერალიზმის იდეები მთელ მსოფლიოში, განსახორციელებლად თითქმის შეუძლებელია.

„მე დავიბადე ლიბერალურ დემოკრატიაში და მიყვარს ლიბერალიზმი, მაგრამ აქ კითხვა შემდეგში მდგომარეობს: ფიქრობთ თუ არა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვირბინოთ მთელ მსოფლიოში და სხვა ქვეყნებში დავაწესოთ ლიბერალური დემოკრატია? ზოგ შემთხვევაში ვაიძულოთ ამაზე დათანხმება? ჩემი პასუხია, რომ ეს თითქმის შეუძლებელია“, – თქვა მერშაიმერმა.