კობახიძე ქართულ-ამერიკული “გადატვირთვის” მოლოდინში

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას სჭირდება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა, თუმცა სანქციები და გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, სანქციების დაწესება მიმართულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენ.

„ასეთი ნაბიჯები, ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. თქვენ გახსოვთ, რომ იყო სერიოზული სირთულეები ოთხი წლის მანძილზე ამ ურთიერთობებში. ძირითადად წინა ელჩის საქმიანობა განაპირობებდა ამ სირთულეებს და ასეთ პირობებში, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა. ურთიერთობების გადატვირთვას სჭირდება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა, თუმცა ასეთი სანქციები, ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს, როდესაც სანქციები უწესდებათ მაგალითად მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა, ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის. მე შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩის მიმართ და უფრო მეტიც, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ერთი რამ, თუ დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არა მარტო პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ რაციონალურად, სამართლიანად. ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.

რაც შეეხება იმ ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა გუშინ წინ, ეს ნაბიჯი არის მიმართული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სწორედ რომ დანგრევისკენ. ვის შეიძლება, აწყობდეს ეს, თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.